Google+

რელიზები

08.11.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ვილფრიდ მარტენსისა და სხვა მსოფლიო ლიდერების წყალობით მსოფლიო გახდა ბევრად უკეთესი - უფრო დიდი შესაძლებლობებით“

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ვილფრიდ მარტენსი, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა ბრუსელში ვილფრიდ მარტენსის მეუღლეს, ცნობილ ბელგიელ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტარ მიტ სმეტს გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა ვილფრიდ მარტენსის იმ ღვაწლზე ისაუბრა, რომელიც განუზუმელია მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, მარტენსის თაობამ შეძლო სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და ახალი ღირებულებების დამკვიდრება.

„ევროპის კომისიაში დღეს მე ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები. რა თქმა უნდა, უსიამოვნო მომენტია, როდესაც გვიწევს გავიხსენოთ დიდი ევროპელი და, რა თქმა უნდა, დიდებული მეუღლე, გასაოცარი, მშვიდი ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შთაგვაგონებდა ყველა ჩვენგანს, თაობებს - ვილფრედ მარტენსი. ძნელია იმის დაჯერება, რომ იგი ჩვენს გვერდით აღარ არის. ფაქტობრივად, იგი იყო პოლიტიკოსების დიდი თაობის უკანასკნელი მოჰიკანი. მართლაც საოცარი და შესანიშნავია, რომ იგი მოესწრო თითქმის ყველა დიდ ლიდერს და აქტიური იყო სიცოცხლის ბოლომდე. დიდი იყო მისი წვლილი არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც კი, რადგან მისმა თაობამ, მისი აქტიური მონაწილეობითა და ლიდერობით, შეცვალა მსოფლიო და ჩვენ ეს კარგად  ვიცით. ჩვენ გავიზარდეთ არათავისუფალ გარემოში და მისი და სხვა მსოფლიო ლიდერების წყალობით, როგორებიც იყვნენ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და სხვები, მსოფლიო გახდა ისეთი, როგორიც არის დღეს - ბევრად უკეთესი, უფრო დიდი შესაძლებლობებით. გასაოცარი იყო მხოლოდ ის, რომ სხვები არ ფიქრობდნენ ამის აუცილებლობაზე - სიახლის აუცილებლობაზე. იგი მუდმივად ახლის ძიებაში იყო. ეძებდა ახალ გამოწვევებს და აღტაცებას გამოხატავდა ახალგაზრდების მიმართ. მე ეს ვიცი, რადგან ზოგიერთი ჩემი მეგობარი 90-იან წლებში იმყოფებოდა ბრიუსელში და ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მიესალმებოდა და გზას უხსნიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს; გულში იკრავდა და რჩევებს აძლევდა მათ. მე ის სულ ახალგაზრდა მეგონა; იგი საოცრად ყურადღებიანი იყო ყოველთვის. ასე რომ, იგი ძალიან დაგვაკლდა. ჩვენ ვიყავით მის დაკრძალვაზე და ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, მაგრამ, ვფიქრობ, იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რომელიც მის მიმართ გვქონდა, შეუძლებელია - ის ბევრად ღრმაა. როდესაც გარეთ გამოვედით, დაგვეუფლა განცდა, რომ მისი გარდაცვალებით, რაღაც ძალიან დიდებული დასრულდა. ჩვენ გვიყვარდა ის და მასაც ვუყვარდით ჩვენ. მას უყვარდა ყველა, ვისაც, მისი აზრით, რაღაც სასარგებლოს გაკეთება შეეძლო სამყაროსთვის. სწორედ ამიტომ, ბელგიისთვის, ევროპისა და ჩემი ქვეყნისთვის ამ დიდი ფიგურის მიმართ ჩვენი გულწრფელი მადლიერების ნიშნად, მინდა თქვენ გადმოგცეთ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვილფრიდ მარტენსის მეუღლემ მიტ სმეტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ ვილფრიდ მარტენსი დიდად აფასებდა საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ქვეყნის ტრანსფორმაციის საქმეში.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება ჩემი მეუღლის სახელით. თქვენ იცით, რომ როდესაც ის დაბრუნდა საქართველოდან, ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი არა მხოლოდ საქართველოს მომავლის მიმართ, არამედ, განსაკუთრებით,  იმის მიმართ, რაც თქვენ გააკეთეთ. მას გამოცდილება კარნახობდა, რომ ახალ დემოკრატიულ სივრცეში თქვენ ახალი ტექნოლოგიებით შეხვედით, მაგალითად, პოლიციის რეფორმით, რომელიც თქვენ განახორციელეთ. იგი ფიქრობდა, რომ ეს უკეთესად გაკეთდა საქართველოში,  ვიდრე ბელგიაში. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობდა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ მე ვერ ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში მასთან ერთად, რადგან არაერთხელ მთხოვა ეს. თუმცა, თქვენ კარგად იცით, რომ იგი არასდროს ფიქრობდა, რომ სიცოცხლეს ასე ადრე დაასრულებდა. თქვენ კარგად იცით ისიც, რომ ბოლო თვეებშიც აქტიურად მუშაობდა. მას მიაჩნდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო და მეც ასე ვფიქრობდი. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ვერ მოვახერხე მასთან ერთად ვსტუმრებოდი საქართველოს. მადლობას გიხდით - ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რომელიც თქვენი ქვეყნის ფერებშია. არასდროს დავივიწყებ იმას, რომ მას საქართველოს ასე უსაზღვროდ უყვარდა. იგი ხშირად საუბრობდა თქვენზე და თქვენს მეუღლეზე. ერთხელ შევხვდი კიდეც თქვენს მეუღლეს - მარსელის კონგრესზე ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფში და ის ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა საქართველოზე“, - აღნიშნა მიტ სმეტმა. .



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)