საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების წარმომადგენლები მედლებით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ პროექტის „იმედის გმირების“ მონაწილეები მედლებით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა სათითაოდ აღნიშნა ამ გმირების დამსახურება და განაცხადა, რომ თითოეული მათგანი თავგანწირვისა და ძალიან დიდი შრომის ფასად დაეხმარა და დღესაც ეხმარება ბევრ ადამიანს. დაჯილდოებულთა შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში კონკრეტული სფეროების განვითარებას უწყობენ ხელს. ერთ-ერთ მათგანს, შვეიცარიელ ქართველოლოგს თომას ჰოიზერმანს მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობაც მიანიჭა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ჯილდოსთან ერთად გადასცა.
„თქვენ სამოქალაქო გმირობის მაგალითად იქეცით... თითოეული თქვენგანის ქმედება ნათელი დასტურია იმისა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ადამიანმა არა მხოლოდ სიტყვებით გამოხატოს საკუთარი ქვეყნის სიყვარული, არამედ განსაკუთრებული ადამიანობით, ზოგჯერ სიცოცხლის რისკის ფასადაც კი...“ - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა მიმართვისას.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა მასმედიის წარმომადგენლებთან გააკეთა განცხადება. ჟურნალისტები ინტერესის საგანი სოჭის ოლიმპიადა და სავალუტო ფონდის დასკვნა იყო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
„სიმართლე გითხრათ, სოჭის ოლიმპიადა არასდროს არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ 2008 წლამდე ჩვენს აზრს ასე ღიად ვერ გამოვხატავდით. ჩვენ ვცდილობდით, რომ გართულება თავიდან აგვეცილებინა. 2008 წლის შემდეგ ვითარება ნამდვილად არის შეცვლილი და ამას მუდმივად გვახსენებს რუსეთი. ამ შემთხვევაში, პრობლემა არც სპორტსმენებშია და არც სანქციებში. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან. პუტინის ქმედება კი, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეროვნული ღირსების დამცირებასთან... თუ რუსეთის ზეწოლას, პუტინის ზეწოლას მუდმივად ვუპასუხებთ სამთავრობო „ქვეწოლით“, კარგს ვერაფერს მივიღებთ. ისტორიულად, ასე ჯერ არც საქართველოს მიუღია რამე და არც სხვა ქვეყანას... თუ ჩვენში ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები არ არის უპირველესი, როგორ მოვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს მათთვის იყოს პირველი საკითხი. თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ ერთიანი, როგორ უნდა მივმართოთ ჩვენს მოკავშირეებს, ისინიც გაერთიანდნენ? პრობლემა ისაა, რომ ახლა ერთმანეთს ნიშნის მოგებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, საერთო პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პოზიციას ვერასდროს ვერ მივაღწევთ... სწრაფად განვითარებული ეკონომიკა ჩვენი დაცვის გზაა რუსეთის მზარდი აგრესიისგან. ლაზიკა, დიდი პროექტები, დიდი მშენებლობები - ზოგადად განვითარება არის ჩვენი დაცვის საშუალება. ამ საკითხებს დღევანდელი საზომით ნამდვილად არ ვუყურებ, არ ვფიქრობ, რომ ამით მთავრობას ცუდად წაუვა საქმე და ოპოზიცია უფრო მალე მობრუნდება მთავრობაში. დღეს ასეთი კატასტროფული სცენარით განვითარებამ, შეიძლება, საქართველოს საერთოდ წაართვას მომავალი, მათ შორის, ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც. ერთადერთი რეცეპტი დიდი პროექტების ამუშავებაა. დავამთავროთ თბილისის შემოვლითი რკინიგზა; მართლაც გავაკეთოთ პორტი, ოღონდ არა მიწების სპეკულაციით; ასევე გავაკეთოთ პორტიც და შემდგომი ინფრასტრუქტურა; ბოლომდე მივიყვანოთ თეთნულდის კუროტები; ასევე აჭარის, წყალტუბოს კურორტები; არ გადმოვიტანოთ პარლამენტი ქუთაისიდან, არადა არჩევნების პირველივე ტურის შემდეგ გეგმავენ კენჭისყრას ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანაზე - ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ, მოეშვით შეჩერებას, დამუხრუჭებას და დაპაუზებას. ავუშვათ პაუზას ხელი და ისევ Play-ის დავაჭიროთ და წავიდეთ წინ, რადგან მართლაც დიდი დრო დავკარგეთ. ამას მარტო Play არ უშველის - fast forward-ს დავაჭიროთ და უფრო ჩქარა წავიდეთ წინ, რადგან დრო არის დაკარგული. ეს არის ჩემი რჩევები ამ ვითარებაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.