Google+

რელიზები

16.04.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სსდს-ის მიერ გაწეული ხარჯებისა და 19 აპრილის აქციის თაობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისა და 19 აპრილის აქციის თემას გამოეხმაურა და მთავრობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის მოვალეობა არა მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა, არამედ  წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და ხალხზე ზრუნვაა. იგი ხალხის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და ყურადღება სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა.

„მინდა მთავრობას მოვუწოდო, ნუ ჩაიგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. დამისახელონ  ერთი ქვეყანა მაინც მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებზე, არ დაჰყავს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, მათ შორის, ოჯახის წევრები, არ ჩამოყავს ჟურნალისტები, არ იწვევს სხვადასხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ან უცხოელ სტუმრებს საკუთარი  ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით. ეს რომ არ გვეკეთებინა, არც ის ინვესტიციები გვექნებოდა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ჩაიდო ჩვენს ქვეყანაში - ეს არის ასობით მილიონი, მილიარდობით დოლარი. არ უნდა მივიღოთ მაღალი დონის სტუმრები და არ უნდა დავხვდეთ? ეს არა მარტო საქართველოში, ყველა ქვეყანაში ასეა. ჩვენი სტუმრები აქ ჩამოდიან ლხინშიც და ჭირშიც. 2008 წელს ჩვენთან სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდნენ და გადაარჩინეს საქართველო. შეგიძლია გამოაქვეყნო, რომ, თურმე, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში სადაღაც დავპატიჟე, მაგრამ ის, რომ იგივე ადამიანი 2008 წელს სიცოცხლის უზარმაზარი რისკისა და სხვა დიდი მუქარების ფასად ჩამოვიდა და საქართველოს მხარში ამოუდგა, ვითომც არაფერი. მინდა მთავრობას ვუთხრა, ამით კი არ დაკავდნენ, არამედ თავადაც იარონ და კაბინეტებში ნუ სხედან. იარონ, დაპატიჟონ, მოეფერონ ყველას... ტურისტთა რაოდენობა ასი ათასიდან 5 მილიონამდე გაიზარდა, რადგან ჩამოგვყავდა, ვაჩვენებდით, ვატარებდით, ვმასპინძლობდით. სხვაგვარად ეს  არ მოხდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის ფასად ხდება. კიდევ ერთი რამ - ჩვენი მთავრობა 19 აპრილის აქციათან დაკავშირებით ზედმეტად ნერვიულობს. მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას - 19 აპრილს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმედი მაქვს, არ ეშინიათ - არაფერი ისეთი არ მოხდება. არ არის საჭირო ყოველდღე რაღაცის გამოქვეყნება, რაღაცის მოგონება, რაღაც განცხადებების კეთება. მოდით, ხალხს მივხედოთ და კონცენტრაცია იმაზე მოვახდინოთ, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ თარიღს დაემთხვა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა საქართველოდან. მუდმივად არის მცდელობა, რომ გარკვეული ტალღა წარმოიქმნას. თავისთავად ვიღაც გამოვა ქუჩაში და პროტესტს გამოხატავს. თუ არ გინდათ, რომ ეს ხალხი იყოს ბევრი, ჩემი რჩევა იქნებოდა მთავრობისადმი, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, დაანებოს თავი სუვერენიტეტთან თამაშს და რაღაც საოცარ დამთხვევებს პუტინის პროგრამასთან. არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, მაგრამ პუტინის პროგრამა და მათი ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა. ნუ ყრიან ხალხს სამსახურიდან, ნუ აწყობენ მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს და ასე  ყველაფერი წესრიგში იქნება. თუ მთავრობა ზედმეტად ინერვიულებს, როგორც ახლა, მის ეფექტიანობას პრობლემები შეექმნება და დიდხანს ვერ გააკეთებს საქმეს. ასე რომ, მინდა ყველას ვუთხრა, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)