Google+

რელიზები

07.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის „აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

 

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრო, რომელთა ფარგლებში გაიმართა სხდომა „აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება“. ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ესაუბრა. მან ყურადღება ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა კვლავაც განაგრძობს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

„ის, რაც მოხდა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასევე ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პარლამენტში, ყველაფერს აშკარად ცვლის. ვფიქრობ, ეს ჩვენი ევროპული არჩევანისთვის უკუსვლაა. ჩვენს არჩევნებში დიდი ფული ჩაიდო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. შედეგად, გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით. ჩნდება შეკითხვები. რამდენიმე დღის წინათ მოლდოვაშიც იგივე სცენარი განმეორდა. მოლდოვის პოლიტიკაში შევიდა იგივე წარმომავლობის ფული, იგივე მიზნით – ბალანსის დასარღვევად. შედეგად, პრემიერ ვლად ფილატის მთავრობა გადააყენეს. აშკარაა, რომ ცდილობენ პარტნიორობის სხვა წევრ ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანში, გაანადგურონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ეს სირთულეებს უქმნის პროევროპულ ძალებს, მაგრამ მე ოპტიმისტურად განწყობილი ვრჩები ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი მომავლის მიმართ. მხოლოდ განცხადებების კეთება საკმარისი არ არის - უნდა შევინარჩუნოთ მთავრობის დემოკრატიული  სისტემა. როდესაც ძალაუფლებაში შემოდის ფული, ის ცდილობს მოახდონოს სასამართლო სისტემის, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მთელი  სისტემის მონოპოლიზება და გაკონტროლება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავრობაში, დარწმუნებული ვარ, უნდა განვაგრძოთ გზა ევროპის მიმართულებით. ჩემს ქვეყანაში არავის ეეჭვება, რომ ევროპა ერთადერთი ალტერნატივაა. ეს კი უძლიერესი ინსტრუმენტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრებებიც გააცნეს.  როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და, შესაბამისად, ქვეყნის დემოკრატიულ  განვითარებას არც ახალი მთავრობის მმართველობის პირობებში არ უნდა შეექმნას საფრთხე. სხდომის მონაწილეებმა ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა; განსაკუთრებით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარების საქმეში შეიტანა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გამომსვლელთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომელთა ინტერესს, ძიროთადად, ქვეყნის ძველი და ახალი მთავრობების ურთიერთობის პროცესი წამოადგენდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)