Google+

რელიზები

13.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში თოდუების ოჯახში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი რაიონში არსებული ვითარებით დაინტერესდა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა. შეხვედრაზე, რომელსაც დევნილებიც ესწრებოდნენ ქვეყნის პირველ პირს კითხვები იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მშენებლობების შესახებ დაუსვეს, რომელიც სამეგრელოს რაიონში ამჟამად შეჩერებულია. კითხვები დაისვა ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ლაზიკას პორტის მშენებლობის პერსპექტივებზე. სოფელში ახალგაზრდობის ძირითადი ნაწილი  სტუდენტური დასაქმების პროგრამის გაგრძელების საკითხით დაინტერესდა.  

საუბრის თემა ასევე იყო დევნილთათვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პრობლემა.  მიხეილ  სააკაშვილის თქმით, მისი მთავრობის გეგმის მიხედვით, დევნილების ბინებით უზრუნველყოფა 2013 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.

„არცერთი დევნილი 2013 წლის ბოლოს უსახლკაროდ არ უნდა იყოს. ამისთვის თანხა, ორი მილიარდი ლარი დარჩა მთავრობას. ამიტომ ამ პროცესს  ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. თუ ისინი არ მიიყვანენ, გავაკონტროლებთ, რომ ეს ფული დაიხარჯოს  სწორედ  ამ  მიმართულებით. თუ არადა, დარწმუნებული ვარ, საქართევლოში გამოჩნდება მთავრობა, რომელიც ამას მიიყვანს ბოლომდე“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

შეხვედრაზე შეკითხვების უმეტესი ნაწილი  ფინანსური ჯარიმებისგან გათავისუფლების თხოვნას ეხებოდა. 

 „მე  შევთავაზე ჩვენს პარლამენტს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა, სრული ფინანსური ამნისტიის შესახებ, ახლა, როდესაც ეკონომიკა დაპაუზებული და გაჭედილია,  ეკონომიკის ხელახალი ამუშავებისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხს მოეხსნას ეს ჯარიმების ტვირთი და გავაკეთოთ ფინანსური ამნისტია. თუ ამას მივაღწევთ, ჩვენ აუცილებლად, ხელახლა ავამუშავებთ ეკონომიკას“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არ ანაკლიაში დაწყებული მშენებლობები, პრეზიდენტმა  უპასუხა:

 „აუცილებლად გაგრძელდება. ლაზიკის პორტი ეს არ იყო ჩემი აკვიატება. ლაზიკის პორტი, ეს  არის ჩინური ტვირთი, ასევე, ეს არის ერთადერთი შანსი, ამ რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის.  შანსი, რომ  გარშემო,  ყველა დასაქმდეს. ხალხს გონია, რომ მარტო ანაკლიის მოსახლეობისთვის იყო ეს - ლაზიკის პორტის აშენების შემთხვევაში, მთელი ზუგდიდის ზონა დასაქმდება“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)