რელიზები
11.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი ბაღდათს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბაღდათს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და პარლამენტის ქუთაისში დატოვების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული პრობლემები იყო. ქვეყნის პირველმა პირმა ბაღდათის მოსახლეობისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვაც გაუზიარა.
საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის დატოვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის იმერეთის რეგიონში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის და მისი თბილისში გადმოტანა მიზანშეწონილი არ არის.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში არ არის დაპირისპირებისა და ნგრევის დრო. მიხეილ სააკაშვილის თქმით ქვეყანის წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს.