Google+

რელიზები

28.01.2013
პრეზიდენტი აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში   მიხეილ სააკაშვილი დღეს აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა.საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შეჩერებული პროექტები და ის არსებული საფრთხეები იყო, რომელიც ამნისტიის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.

ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლების ფაქტს დაუთმო და კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ, მსგავსი პიროვნებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

,,მინდა ბოლო მოვლენებს გამოვეხმაურო ჯავახეთთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან კრიმინალი, ძალიან საშიში ვაჰაგან ჩახალიანი გამოუშვეს და ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ თუ ასეთი კრიმინალი იყო, რატომ არ მიესაჯა მას სეპარატიზმის ბრალდება. ბოდიშს ვიხდი და ამ პარლამენტმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა სახელმწიფო ამბოხის მონაწილეებს, რუსეთის ჯაშუშებს, სეპარატისტებს არ შეიყვანდა პოლიტიკური პატიმრების სიაში?! რა თქმა უნდა, შეიყვანდა და პოლიტიკურ გმირად გამოიყვანდნენ ციხიდან. ამბობდნენ, რომ აი, სააკაშვილმა თავისი ხმაურით ახლა ჩახალიანი აქცია გმირად. მთელი ეს წლები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩვენ იქ ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს და არავის არ ვაწუხებდით, მაგრამ ნება მიბოძეთ და არავის არ გეწყინოთ, რომ თუ ვანგრევთ ქართულ სახელმწიფოს ამაზე ხმას ამოვიღებ!

რა მესიჯს ვუგზავნით ჩახალიანის გაშვებით იმ ქართველებს, რომლებიც იქ ქართულს ასწავლიან? რას ვეუბნებით იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ეთნიკურად სომხებს, რომლებმაც დაიჯერეს ქართული სახელმწიფოებრიობის, იმის რომ მათი მომავალი არის საქართველო! ახლა ჩავა ეს ბანდიტი და დაატერორებს მათ, ვინც არის საქართველოს სახელმწიფოს მხარეს და ვინ დაიცავს მათ?

ქართული სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა, ჩვენ ვქმნით მას ბოლო ცხრა წელიწადია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რაც  ახალქალაქში გაუჩნდათ ჩვენს მოქალაქეებს ბოლო წლებში, არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში...მე  არ მინდა, რომ გაქრეს სახელმწიფოებრიობის განცდა. მე არავის არ ვაშინებ და არც მინდოდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ ბანდიტებმა ვერ შეძლონ  დატერორება და  ადგილზე  სიტუაციის წაყვანა.

იმიტომ, რომ რუსეთის არმიის ახალი დოქტრინის თანახმად, რომელიც ამ დღეებში გამოაქვეყნეს, რუსეთის ახალი ომები ადგილობრივ საპროტესტო პოტენციალს ეფუძნება... ანუ, ადგილზე ჯერ ხალხი უნდა გამოვიდეს, პროტესტი უნდა გამოთქვას და მერე შემოდიან. არაფერი ახალი არ არის, სწორედ ასე შემოვიდნენ 1921 წელს. ეთნიკური უმცირესობის პროლეტარიატი აჯანყდა ვითომ და მეთერთმეტე არმია შემოვიდა მათ დასახმარებლად....

ჯერ 1920 წელს გავუშვით რუსეთის ჯაშუშები იმ ამნისტიით, რომელსაც მოვაწერეთ ხელი,  გავუშვით  ლავრენტი ბერია,  ფილიპე მახარაძე და სხვა ჯაშუშები.  1921 წელს ეთნიკური უმცირესობის  აჯანყების მოტივის  საფუძველით შემოვიდა ქართველების სათავეში ჩაყენებული მეთერთმეტე არმია.  სხვათაშორის, 2008 წელს 58 არმიის და იმ სხვა ჯგუფების შემადგენლობაში , სამწუხაროდ  800-მდე ეთნიკური ქართველი იყო, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ციხეში ყოფნა- არ ყოფნა შეიძლება ისტორიულად არაფრის გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ 5 წელი ეს კაცი, რომ ყოფილიყო ციხეში, 5 წელიწადში ამის გამოსვლა არანაირ პრობლემებს არ შეუქმნიდა ამ ყველა საკითხს. დღეს ეს არის პრობლემა. თავის დროზე ვლადისლავ არძინბა ვინმეს რომ დაეჭირა და სადმე ჩაესვა, აფხაზეთში არ მოხდებოდა ეს პრობლემა . კულუმბეკოვი და ალან ჩოჩიევი  რომ არ გამოეშვათ, არც ცხინვალში მოხდებოდა ის , რაც მოხდა....აი, ეს არის რა განგაშის გაზიარებაც მსურდა ...“-აღნიშნა პრეზიდენტმა, მანვეშეხვედრაზე ჯავახეთში განხორციელებული პროექტების, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების  მნიშვნელობაზე და აფხაზეთის რკინიგზის აღგენის საშიშროებაზეც ისაუბრა.

,,მე ვარ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე, მხოლოდ ერთი პირობით – აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად,  სხვა შემთხვევაში რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ოკუპაციას დააკანონებს. სად იდგება ქართველი მესაზღვრე? სანამ ამ კითხვაზე არ გაიცემა პასუხი, ეს რკინიგზა იქნება რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლისთვის.რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან გასაგებ, იაფფასიან თამაშში?! რატომ აქცევენ საქართველოს პაიკად, როცა ის ხდება დიდი სტრატეგიული მოთამაშე ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან, ევროპასთან?!",

ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს მთავრობამ "ამაზე უნდა იფიქროს".

 "ეს პროექტი უკვე პრაქტიკულად მზადაა, მაგრამ როგორც, თავის დროზე, ვიღაცებმა სამტრედიაში გადაკეტეს რკინიგზა, ისე ახლა გამოუშვეს ჩვენი დროის ახალი გადამკეტავები ახალქალაქისთვის. აი, ესა რუსული თამაში. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ეს არის ის, რაც მე ძალიან მაწუხებს , ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს", - აღნიშნა პრეზიდენტმა,“

მიმართვის  შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილი სტუმრების კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის მონაწილეები ქვეყანაში შეჩერებული პროექტების გაგრძელების შესაძლებლობითაც დაინტერესდნენ. დასასრულს ქვეყნის პირველმა პირმა  სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები- მერაბ გონგაძე, მელორ ალფენიძე, რევაზ ხარებავა და ზურაბ პაპასქირი მეცნიერების სხვადასხვა დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის,  ღირსების ორდენით დააჯილდოვა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)