Google+

რელიზები

28.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილმა ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით კაკაბაძის (სამართალდამცველებმა იგი გუშინ დააკავეს) ოჯახის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები გაამხნევა და აღნიშნა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აუცილებლად უნდა აღდგეს. როგორც მათთან საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში და დასძინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მასობრივი წნეხის ქვეშ. საქართველოს პრეზიდენტმა, შეხვედრისას, ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის ინიციატივას იმ პატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები ისხდნენ ციხეში, მით უფრო მაშინ, როდესაც, ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შესაძლოა, პედოფილებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და ჯაშუშებმა დატოვონ. 

"ეს არის მთელი საქართველოს ისტორია - მთელ საქართველოში მიდის ნადირობა საკრებულოს თავმჯდომარეებზე, გამგებლებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურებიან ხალხს. გუშინ პრემიერ-მინისტრი დიდხანს იწონებდა თავს: რა მაგარი კონტრაქტი გაუფორმებიათ აზერბაიჯანში, ასეთი პროექტი ვინ გააფორმაო... ვინ და ალექსანდრე ხეთაგურმა, რომელსაც 3 დღის წინათ მისი დავალებით იჭერდნენ. ისეთი ხალხი, როგორიც დათო და ბევრი სხვა ადამიანია, იდგა და დგას საქართველოს სამსახურში.  არც ერთ მათგანს არ აქვს ბოდიში მოსახდელი, რადგან ამ წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდნენ  ჩვენს ქვეყანას. მის მსგავს ადამიანებს იჭერენ და პარლამენტი აპირებს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რათა პედოფილები და რუსეთის ჯაშუშების გარეთ გამოშვებას. შსს მინისტრმა თქვა, რომ არ ვეთანხმები ამნისტიასო. ერთმანეთს არ ეთანხმებიან და კანონი მაინც გადის პარლამენტში. თუ ამას არ ეთანხმებიან, ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ უდანაშაულო ხალხის დაჭერა ყოველგვარი წინაპირობისა და ვაჭრობის გარეშე. თუ მთავრობას სურს კონცენტრაცია მოახდინოს და საქმე აკეთოს, ჩემი ფუნქცია არ არის მათთვის ხელის შეშლა - პირიქით, ყველანაირად მზად ვარ, რომ ხელი შევუწყო მათ საქმის კეთებაში. ვინც მართლა დამნაშავეა, გარეთ გამოდის. ახლა დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ხალხს არ მოსწონს ეს დაჭერები - გუშინ თქვა ეს პრემიერ-მინისტრმა და მივესალმები ამას. ასევე მივესალმები, რომ ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ახლა მთავარია სიტყვიდან საქმეზე გადავდეთ. უნდა აღადგინონ სამართლიანობა, ეს უსამართლობის შეჩერებით უნდა დაიწყონ და აკეთონ დაპირებული საქმე. ამაში კი მზად ვართ, მათან ვითანამშრომლოთ. კარგად მესმის თქვენი ნერვიულობის საბაბი და მინდა გითხრათ, რომ მეც ზუსტად ასე ვარ გაბრაზებული. არ შეიძლება პედოფილს გარეთ უშვებდე და ხალხის მსახურებს აკავებდე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)