რელიზები
13.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანამ რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა.
„ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. დამოუკიდებლობის 20 წელი ჩვენ ბალტიის ქვეყნებთან ერთად ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობით დავიწყეთ, თუმცა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისგან განსხვავებით, ცვლილებები მეტ–ნაკლებად მსუბუქად მოხდა. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება მოხდა, გვქონდა სამოქალაქო ომი, დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა უფუნქციო და კორუმპირებული ხელისუფლება. შემდეგ კი იმის გამო, რომ იმდროინდელმა მთავრობამ არჩევნები გააყალბა და წაგვართვა შანსი, შეგვექმნა საპარლამენტო უმრავლესობა, ვარდების რევოლუცია მოხდა. მთავრობაში ჩვენ ვარდების რევოლუციის შედეგად მოვედით. თუკი ამ თვალსაზრისით შევხედავთ მოვლენებს, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო სათავეში, ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა - ხელისუფლება ყველა დონეზე ერთი პარტიიდან ყალიბდებოდა, ყველა გავლენიანი თანამდებობა ამ პარტიის მიერ კონტროლდებოდა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში ქვეყანა კვლავაც წინ მიიწევს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზეც გაამახვილა.