საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძეს შეხვდა
ვფიქრობ, ჩვენი შეიარაღებული ძალების მიმართ ყველას პატივისცემა მართებს.
არავის არ აქვს უფლება შელახოს ოფიცრის ღირსება, მით უმეტეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის.
კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და პროცედურა.
ძალიან კარგად მახსოვს პირადად თქვენი მოქმედება 2008 წელს, როდესაც მეოთხე ბრიგადამ მეორე ბრიგადასთან ერთად შეაჩერა გენერალ ხრომოვის პირველი დამრტყმელი ბრიგადის შემოსვლა. ეს იყო პირველი ბრიგადა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიჭრა და რომ არა თქვენი მოქმედებები, ჩვენ ვერ მოვიგებდით იმ დროს რომელიც მოვიგეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.
ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ამას ვერავინ ვერ ამოშლის, ისევე, როგორც პირადად შენს გმირობას, როდესაც დაჭრილი განაგრძობდი ბრძოლას.
სწორედ იმის გამო, რომ საკუთარი სისხლი გაქვს დაღვრილი საქართველოსთვის, ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დავდგეთ.
შეიარაღებული ძალები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არმია პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა პოლიტიკა მას ასეთი უღირსი მეთოდებით ეთამაშოს.
როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კონიუქტურა ან როგორიც არ უნდა იყოს პროპაგანტისტული შემოტევა თქვენზე, ჩვენ ყველანი უნდა ვემსახუროთ საქართველოს.
შეიარაღებული ძალების ღირსების საკითხია, რომ მან გააგრძელოს ფუნქციონირება.
ჩვენ არა გვაქვს მარტივი გეოპოლიტიკური ვითარება და ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ჩვენი შიარაღებული ძალების ფუნქციონალურობის მოშლა.
ბოლო წელს ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ თავდაცვის სამინისტროში, თბილისის გარეთ ავაგეთ თავდაცვის ზოლი, რომელიც ხალხს არ უნახავს და კარგი იქნება თუ ტელევიზიები აჩვენებს ხალხს როგორი დაცულია დედაქალაქი 2008 წლისგან განსხვავებით, რამდენი ტექნიკა და საინჟირო ნაგებობაა იქ განლაგებული.
ბევრი რამ გაკეთდა ჯარში დისციპლინის თვალსაზრისით, საბრძოლო მოქმედების გასაძლიერებლად, საბრძოლო ტექნიკის წარმოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართვისთვის.
ამიტომ, ახლა, ჩემი განკარგულებით, უნდა გააგრძელოთ თქვენი მოვალეობის შესრულება და ფუნქციონირება როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა.
ეს ინციდენტი უნდა დავივიწყოთ, უკან მოვიტოვოთ და ვემსახუროთ საქართველოს!
ჩვენ ყველანი უნდა ვემსახუროთ საქართველოს!
მინდა, რომ დააწყნაროთ სიტუაცია პირად შემადგენლობაში იმ ვალსაზრისით, რომ ფუნქციონირება ჩვეული რეჟიმით გაგრძელდეს.
ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, რადგან ის ემსახურება არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს.
ამგვარად, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია.
მთავრობები შიცვლება, ისევე როგორც პრეზიდენტები, მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული.
ჩემი რჩევაა, დაბრუნდეთ და ემსახურეთ სამშობლოს ისევე ერთგულად, როგორც ამას მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდით.
გისურვებთ წარმატებას.