რელიზები
29.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მცხოვრებლებს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თამარის დასახლებაში მახარაძეების ოჯახს ეწვია. 5-წევრიანი ოჯახი ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. პრეზიდენტი მათ მთავრობის იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ბარაკები დაინგრევა. ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, წლის დამლევამდე მათ საკუთარი ბინა ექნებათ, მახარაძეებს უკვე გაუფორმდათ. მერიის სოციალურ სახლებში გადასვლას, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია, ავარიულ და ბარაკის ტიპის სახლებში მცხოვრები 219 ოჯახი დეკემბრისთვის შეძლებს. ათსართულიანი და მრავალბინიანი სოციალური კორპუსის მშენებლობა ქალაქის მუნიციპალიტეტმა 7,5 მილიონი ლარით დააფინანსა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ბათუმში სააკაძის ქუჩაზე მცხოვრებ თუთარაშვილების ოჯახსაც ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი მათ მთავრობის კიდევ ერთ პროექტზე ესაუბრა, რომლის მიზანი ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა. მისი თქმით, მალე ბათუმში ცენტრალური უბნების მსგავსად, ქალაქის ეს ნაწილიც მოწესრიგდება და ჭაობის დასახლებაში მცხოვრებლებს ექნებათ მუდმივი წყალმომარაგება, მოხდება სრული გაზიფიკაცია და გზების რეაბილიტაცია.
მოგვიანებით, პრეზიდენტი ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრე ტარიელაძეების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც ქალაქს უკვე შემოუერთდა, ჯერჯერობით, მაინც გარეუბნად ითვლება. ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, ეს ადგილი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რათა მოხდეს ქალაქთან მისი ინტეგრაცია. პრეზიდენტის განცხადებით, ეს რაიონი ინდუსტრიული ზონის სტატუსით სარგებლობს, რომელსაც მომავალშიც შეინარჩუნებს. აჭარის მთავრობის ახალი პროგრამით, აქ სამომავლოდ 80-მდე მცირე საწარმო გაიხსნება, რომელიც ათი ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებს.