რელიზები
30.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხდა ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცველების მოქმედების შედეგად ვერ განხორციელდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, რთული რელიეფის მიუხედავად, ოპერაციის ძირითადი ფაზა წარმატებით დასრულდა. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ ოფიცერსა და ჯარისკაცს, სპეცრაზმელსა თუ პოლიციელს, რომელიც დაკავებული იყო. ამ პროვოკაციის ორგანიზატორებს რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ დასახული მიზნად. პირველი - ეს იყო ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა და 2008 წლის შემდეგ ჩვენს ბიჭებს ამ მაშტაბის საბრძოლო ოპერაცია არ შეუსრულებიათ. უნდა აღვნიშნო, რომ პროგრესი აშკარაა და ეს ძალიან მახარებს... მათი შემდეგი ამოცანა იყო პროვოკაციის მოწყობა, რაც ასევე არ გამოუვიდათ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ასეთი შემთხვევები ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რამე სახის საბაბის შექმნაში აძლევს ხელს. რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ოპერაცია ძალიან რთული განსახორციელებელი იყო, რადგან იქ მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენ პოლიციელს გადასხამდით. ჩვენ გამოვიყენეთ უპილოტო საფრენი აპარატები - კარგია, რომ ასეთი ტექნიკური საშუალებები გვაქვს. ძალიან ბევრ ქვეყანას, თუნდაც ჩვენზე ბევრად მდიდარსა და ძლიერს, გაუჭირდებოდა ოპერაციის ამ ხარისხით შესრულება. ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რომ ჩვენი სამი მებრძოლი დაიღუპა, თუნდაც გმირულად. დაჭრილის გამოყვანას შეეწირა ჩვენი ექიმი... თითოეული მათგანი ძალიან კარგი მებრძოლი იყო. ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი იყო სამბოში, მეორე - საუკეთესო სნაიპერი. ჩვენ მათ კარგად ვიცნობდით და დაჯილდოებულიც იყვნენ. თანაც, 2008 წელს შავნაბადა ცხინვალიდან დანაკარგების გარეშე გამოვიდა, აქ კი ორი დაღუპული გვყავს, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგია. ისინი საუკეთესო რაზმის საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ასეთები ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ჰყავს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო ერთიან და მშვიდობიან კავკასიას უჭერს მხარს.შეხვედრას, რომელიც ყვარელში გაიმართა, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე.