მიხეილ სააკაშვილმა თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თელავში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ალაზნისველის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა, რომელსაც დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
„აქ ყველა სახლი აუცილებლად გადაიხურება, თუმცა დღეს აქ მოვედი თბილისის მერთან ერთად, რომლის ინიციატივითაც აქ სკვერი გაკეთდა. პირველი დღიდან თელავში თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშობენ. ასევე აქ იმყოფება ჩვენი შეიარაღებული ჯარების სარეზერვო და ძირითადი შემადგენლობა. კახეთში დასახმარებლად ჩამოვიდნენ ყველა რეგიონიდან - მე შემხვდნენ ხაშურელები, ბათუმელები, ოზურგეთელები, რუსთაველები, ქუთაისელები და ეს არის საერთო ქართული აღდგენის პროცესი. ეს პროცესი არ დაწყებულა მარტო ამ სტიქიის გამო, თუმცა ამ მოვლენამ დიდი სტიმული მოგვცა და მხოლოდ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციით არ გაჩერდება. ეს მოედანიც მოეწყობა, რაც თბილისის სოლიდარობის გამოხატულებაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობის პრობლემებითაც დაინტერესდა და ადგილობრივთა ის ნაწილი დაამშვიდა, რომელთანაც აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა ვერ მოახერხებდა ერთ კვირაში სახლების, თუნდაც, 70 პროცენტის აღდგენას. საქართველოს ხელისუფლებამ კი, პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეძლო, რაც იმას ნიშავს, რომ ქვეყანას ეფექტიანი და ქმედითი მთავრობა ჰყავს.
„მე მინდა კახელებს ვუთხრა, მათ, ვისთანაც სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა: კახეთში ჯერ კიდევ სახლების მესამედში არ მისულან აღსადგენად, თუმცა ყველგან მივალთ და ყველა დაზარალებულს შევხვდებით. ყველგან ერთბაშად ვერ დავიწყებდით - ამდენი არ მასალა გვქონდა და არც მუშა-ხელი, მაგრამ აუცილებლად შევალთ ყველგან. რაც მთავარია, სახურავების შეკეთების პარალელურად, მოვაწყობთ ეზოებს ისე, როგორც ეს შვეიცარიასა და ჰოლანდიაშია, განვაგრძობთ სასურსათო დახმარებას და სტუდენტების ხელშეწყობას, რათა გარეთ არ დარჩნენ. თელავის ცენტრში სამუშაოები აუცილებლად უნდა დავასრულოთ. სწორედ ახლაა დრო ყველაფერი ვაკეთოთ - სახლებიც აღვადგინოთ, სკვერებიც ვაშენოთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, აღმშენებლობაც გავაგრძელოთ... თელავი საქართველოს სანიმუშო ქალაქად, ქართული აღმშენებლობის გვირგვინად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი თელავში თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების საქალაქო სამსახურები აქტიურად არის ჩართული. მშვიდობის ქუჩაზე თელაველებს თბილისის მერიამ საჩუქრის სახით დასასვენებელი სკვერი და სათამაშო მოედანი მოუწყო. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საბავშვო ატრაქციონები. მერიის ინიციატივით, რეკრეაციის ზონების მოწყობა კვლავაც გაგრძელდება და აგვისტოს დამლევამდე კიდევ ცხრა ახალი სკვერი გაიხსნება. ამ დროისათვის ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივის აირი თელავში ყველა აბონენტს მიეწოდება. სახურავებისა და დაზიანებული სახლების აღდგენას სპეციალისტები კვლავაც განაგრძობდნენ.