საქართველოს პრეზიდენტმა თელავისა და ალავერდის საკათედრო ტაძრები მოილოცა
მიხეილ სააკაშვილმა თელავში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები პირადად კიდევ ერთხელ დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი დახმარება გადასცა. საპატრიარქო მოსახლეობას სურსათსა და ფულად კომპენსაციას გადასცემს. ილია მეორემ ღვთაების ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ სტიქიური მოვლენების დროს საქართველოს მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა და მრევლი დალოცა.
თელავის საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა მიმართა და განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს პატრიარქისა და ქართული ეკლესიის თანადგომა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, რადგანაც, ისტორიულად ყოველთვის ასე ხდებოდა და, სწორედ, ამიტომ გადარჩა საქართველო.
"საქართველოში ყველამ გულთან ახლოს მიიტანა კახელების გასაჭირი. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ არ არის მსხვერპლი, თუმცა, სამწუხაროდ, ვენახების, თითქმის, 30 პროცენტი განადგურებულია. ახლა მთავარია, რომ ამ პერიოდში დაზარალებულებს არ მოვაკლოთ თანადგომა იმიტომ, რომ თუკი ჩვენ მათ ყურადღებას მოვაკლებთ, ეს გაჭირვება შეიძლება ამ ოჯახებს თვეების და წლების მანძილზე გაჰყვეთ. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული...
დიდი ნუგეშია თქვენი აქ ჩამობრძანება. ჩვენი პატრიარქი დგას იქ სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში. საუკუნეების განმავლობაში სწორედ ასე ხდებოდა და ამიტომაც გადარჩა საქართველო. თქვენ ხართ ამ ტრადიციის ნამდვილი გვირგვინი, თქვენო უწმინდესობავ",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს პატრიარქსა და მთელ ერს ერთად დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
პარაკლისის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან ერთად ალავერდის საკათედრო ტაძარსაც ეწვია.
"მე მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენს ეკლესიას, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს დაუდგა გვერდით - მეზობელი მეზობელს, სოფელი სოფელს, ქალაქი ქალაქს, საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონი კი - თელავს. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა მართლაც დაუმარცხებელია და ჩვენი ხალხი ყველანაირ გასაჭირს გადაიტანს", - ალავერდის მონასტერში განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სქართველოს პატრიარქმა ქვეყნის პირველ პირს ალავერდის მონასტრის მარანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად დაათვალიერებინა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიები გააცნო, ხოლო შემდეგ კი ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად დალოცა.
ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აზრი მათგან პირადად მოისმინა. ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაესწრო, იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. თელავის უბნების დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილი ოთხი წლის საბამ საკუთარ დაბადების დღეზე მიიპატიჟა, რომელსაც პრეზიდენტი ეწვია და იუბილე პირადად მიულოცა.