Google+

რელიზები

25.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი დღეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებსა და ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებას გააკეთოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი. მისი თქმით, მომავალი არჩევნები იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარანტული, დემოკრატიული და დაეფუძნება სამართლიანობის პრინციპსა და კანონის უზენაესობას.   

„როგორც ქვეყნის მეთაური, მე ვარ ამაყი იმით, რომ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა უბანსა და ქუჩაზე პირუთვნელად დაიცავთ ჩვენი ხალხის ამ ფუნდამენტურ უფლებებს.“ - განუცხადა მან შეკრებილ ლიდერებს და დასძინა - „ჩვენ ყველანი და პირადად მე - უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმოქმედოს თანაბარი შესაძლებლობებით და მთელი საარჩევნო პოლიტიკური პროცესი განხორციელდეს იმ თვალსაჩინო ასპარეზზე, რასაც  საზოგადოებრივი განსჯა, საზოგადოებრივი დებატები ჰქვია. ეს ასპარეზი იქნება შეუზღუდავად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის“.

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივასაც შეეხო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სატელევიზიო არხების ტრანსლირებას უკავშირდება. 

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საინფორმაციო სატელევიზიო არხის ტრანსლირება სავალდებულოდ განახორციელოს საქართველოს უკლებლივ ყველა საკაბელო ქსელმა. ეს საკონონმდებლო ინიციატივა თანაბრად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ შეძლებს საარჩევნო პროცესის ან ქართული დემოკრატიის ყიდვას. რაც შეეხება იმ სიცრუეს, რომლის გავრცელებასაც გარკვეული ძალები ცდილობს, მის გასაბათილებლად, ქვეყნის პირველი პირის თქმით,  საუკეთესო საშუალება სამაგალითო მუშაობაა.   

„გარკვეული ძალები შეეცდებიან - ისინი უკვე ცდილობენ - გაავრცელონ სიცრუე თქვენი მუშაობის შესახებ. ამიტომ, იცოდეთ, რომ ყველაზე სწორი გზა დავამარცხოთ სიცრუე არის სამაგალითო მუშაობა - სამაგალითო მუშაობა ხალხის თავისუფალი არჩევანის დასაცავად; სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, ვერც სახელისუფლებო ძალამ, ვერ შეძლოს უკანონო გავლენის განხორციელება ამომრჩევლის ნება-სურვილზე; სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება; სამაგალითო მუშაობა დემოკრატიის და, შესაბამისად, საქართველოს მომავლის დასაცავად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობაზე და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბების ან მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მისი თქმით, ქართული დემოკრატიის ყიდვას ვერავინ ვერ შეძლებს და დემოკრატიაზე შეტევას ქართული სახელმწიფო დემოკრატიის გაძლიერებით უპასუხებს.     

„იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ძალები გადამეტებული ძალისხმევით ცდილობს ჩვენი დემოკრატიის ყიდვას, ჩვენი პასუხი მათ მიმართ იქნება ორმაგი - ერთი მხრივ, მათ მცდელობებს დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა, ხოლო, მეორე მხრივ, დაუპირისპირდება ჩვენი გადამეტებული, დისპროპორციული ნება, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარანტული და დემოკრატიული... ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ავაშენეთ სისტემა, რომლის თანახმად,  ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას; კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის სახელისა თუ მისი წარსულისა. ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის და ამიტომ ენდობა იგი ამ ინსტიტუტებს უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პიროვნებასა თუ პოლიტიკურ ძალას... მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ ერთად ავაშენეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც შესწევს ძალა რეაგირება მოახდინოს დიდ გამოწვევებზე სისტემის კიდევ უფრო მეტად გახსნით, მისი უფრო მეტად ჩაკეტვის ნაცვლად. კანონის ფეხქვეშ გათელვის ყველა მცდელობას დაუპირისპირდება, ერთი მხრივ, მკაცრი სამართალდამცავი ძალისხმევა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო სისტემის სამაგალითო მუშაობა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)