Google+

რელიზები

20.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთავში 33 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის საცურაო აუზი გახსნა, რომელიც სრულად შეესაბამება ოლიმპიურ სტანდარტებს და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. ღონისძიებაზე პრეზიდენტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებთან ერთად მივიდა, რომლებსაც მანამდე მოულოდნელად ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა მოზარდები თავად წამოიყვანა და მიკროავტობუსით მათთან ერთად იმგზავრა. აუზის გახსნას, პრეზიდენტის მიწვევით, საჯარო სკოლების რამდენიმე წარჩინებული მოსწავლეც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ამ აუზის მნიშვნელობასა და ქალაქში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სქართველოში ერთი მოქმედი აუზი იყო - "ლაგუნა ვერე". ჩემს ბავშვობაში რამდენიმე აუზი იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანის ადგილზე კორპუსები ააშენეს, მაგალითად, ვაკის აუზშიც დელფინარიუმი გააკეთეს და შემდეგ დახურეს. ერთი-ორი აუზი თბილისის ცენტრში გაიხსნა, თუმცა იქ სიარული ძალიან ძვირი იყო. ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ კეთება. ვაშენებთ თბილისის გარეუბნებშიც - სამგორის რაიონში გაიხსნა „ოლიმპი“, ვარკეთილში ვაკეთებთ მაგარ აუზს, გლდანშიც... რუსთავი ძალიან საინტერესო და კარგი ქალაქი ხდება - აქ ხალხი ექსკურსიაზე უნდა ჩამოიყვანო. ქუჩები მოეწყო, გარე განათება დამონტაჟდა, ფასადები კეთდება... ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარია წყალმომარაგება. ადრე წყალი და რუსთავი - ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ იყო. წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოჰყვა აუზის აშენება. გარეთ აკვაპარკს ავაშენებთ, მომავალ წელს სპორტის სასახლეც ექნება ქალაქს. ამას გარდა კეთედბა პარკი, რომლის პროექტი ესპანელი არქიტექტორების მიერ არის შექმნილი. მთავარი ის არის, რომ აქ ბევრი სამუშაო ადგილიც ჩნდება. ე.ი. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება და თან, კეთდება ავტობანი, რომლითაც თბილისში ჩასვლა უმოკლეს დროში გახდება შესაძლებელი. რუსთავი დამოუკიდებელი ქალაქია, მაგრამ ებმება თბილისს.  თბილისელები მალე აქ დაიწყებენ სიარულს. ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რუსთავი საუკეთესო ქალაქი იქნება საქართველოში. ყოველივე ეს რუსთავში ბინის ფასების ზრდასაც უწყობს ხელს, ცხოვრების დონეც იწევს და მიგრაცია შეწყდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ქვეყნის პირველმა პირმა ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა და იმ შესაძლებლობებს გაეცნო, რომლითაც მომხმარებლები დღეიდან ისარგებლებენ. სპორტული კომპლექსი, რომელიც რუსთავში ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით აშენდა, აერთიანებს ფიტნესის დარბაზს, საუნას, სილამაზის სალონს, კაფეს და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას. რუსთავის ახალ საცურაო აუზზე უკვე დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირების მოწყობა წყალბურთში და აქვეა მოწყობილი ტრიბუნაც, რომელიც 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს. კეთილმოეწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც, რომლის ფართობიც 3 ათას 500 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა დღესვე კიდევ ერთ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - საცურაო კომპლექსის მომდებარე ტერიტორიაზე აშენდება აკვაპარკი, რომლის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება. საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულაც ჩადო.

საცურაო აუზით სარგებლობას მოსახლეობის გარკვეული კატეგორია შეღავათებით შეძლებს, მათ შორის, 70-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, 50-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდება 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეებზე, დევნილებზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და სტუდენტებზე. აუზი უფასო იქნება საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის.

საცურაო კომპლექსის მშენებლობისთვის რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.  მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო ორასამდე ადამიანი, აუზის ამოქმედების შემდეგ კი, იქ 40 კაცი დასაქმდება.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)