რელიზები
16.06.2012
აბაშის ფერმერთა მომსახურებისა და მარცვლეულის შესანახი ცენტრები საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ წალიკარის მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს აბაშის რაიონის სოფელ წალიკარს ესტუმრა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ აბაშის ფერმერთა მომსახურებისა და მარცვლეულის შესანახი ცენტრების დათვალიერება შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად აგროტურისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტობუსით იმგზავრა და საუბრისას, ადგილობრივთა პრობლემებიც მოისმინა. ქვეყნის პირველი პირი სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა და ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
აბაშის ფერმერთა მომსახურების ცენტრის დათვალიერებისას, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა მათ ცენტრის მუშაობის პრინციპი განუმარტა და აღნიშნა, რომ აქ თითოეული მათგანი მიწის დამუშავებისა და მოსავლის რაოდენობის გაზრდისთვის საჭირო ყველა მომსახურებას მიიღებენ.
აბაშის ფერმერთა მომსახურების ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურება და მოსახლეობას აქ კვალიფიციური აგრონომის უფასო კონსულტაციისა და რამდენიმე სახის ლაბორატორიული მომსახურების მიღება შეუძლია. ახლადგახსნილ ცენტრში 67 ადგილობრივი დასაქმდა.
აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრში, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია და მაღაზია მოქმედებს, სადაც პირველადი წარმოების პროცესისთვის საჭირო ყველა პროდუქტის (სასუქი, შხამ-ქიმიკატი, სათესლე მასალა) რეალიზაცია ხდება. მარცვლეულის შესანახ ცენტრში 45 ადგილობრივია დასაქმებული. მათ შორის არიან კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც ფერმერებს კონსულტაციას უწევენ მოსავლის მოყვანისა და მისი შენახვის შესახებ და გასაღების ბაზრების მოძიებაშიც ეხმარებიან. ამ ეტაპზე ცენტრში 600 ტონამდე მარცვლეულის ინახავენ, გასულ წელს კი აქ 5 ათას ტონამდე მარცვლეული იყო დასაწყობებული.