Google+

რელიზები

29.05.2012
მიხეილ სააკაშვილი: „დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა“

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რიგის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხეს. უცხოელი  ჟურნალისტების ძირითად ინტერესს საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა. ანდრის ბერზინშმა თავისი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა  გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ნატო-ს წევრი აბსოლუტურად რეალისტურია“, - აღნიშნა ანდრის ბერზინშმა.  

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.  

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რამდენიმე დღეში კი გამოვაცხადებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველები ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. ეს არის ჩვენი ძლიერი რეადმისიის პოლიტიკის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგი. ამიტომ, ჩვენ გვინდა თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ ევროინტეგრაციის მხრივ. საქართველომ დიდი შექება დაიმსახურა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე. ჩვენი ქვეყანა იყო ყურადღების ცენტრში. როგორც იქ ითქვა, მომდევნო სამიტზე შეიძლება მოხდეს გაფართოება. ამ კონტექსტში საქართველოს მკაფიოდ  მოიხსენიებდნენ, როგორც სასურველ კანდიდატს. ეს ჩვენთვის დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი 2008 წლის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ახლა კი, ვფიქრობ, ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებით, მათ იმედი გაუცრუვდათ, საქართველოსთვის კი ეს მომავალის პოზიტიურად შეცვლას ნიშნავს. როგორც აღვნიშნე, 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, კონფლიქტი ნატო-ს დახმარებით განიმუხტა. რუსეთის მიზანი, საქართველოს განადგურება იყო. დეფაქტო, ისინი ისედაც აკონტროლებდნენ ქართული ტერიტორიების ნაწილს, სამხედრო ოპერაციის მიზანი საქართველოს ხელისუფლების განადგურება იყო. ამას ისინი პირდაპირ აცხადებდნენ ამერიკელ დიპლომატებთან საუბრისას. ამიტომ, ნატოს ყველა სამიტი საქართველოსთვის იყო შანსი და, იმავდროულად - გამოწვევაც. ჩიკაგოს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, გარკვეული შიში გვქონდა იმის თაობაზე, რომ ჩვენს პროგრესს არ აღიარებდნენ. ასე არ მოხდა, პირიქით, საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფთან გააერთიანეს, რომლებსაც გაწევრიანების უდიდესი შანსი აქვთ, ესენი არიან ბალკანეთის სახელმწიფოები. წინა შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთად განვიხილებოდით, უკრაინის საკითხი არც ისე მარტივია. პრემიერმა მედვედევმა აღიარა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს დაშორება ნატოსგან. ჩიკაგოს სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიზნები არ შესრულდა. ნატო-ს წევრობა ჩვენი ქვეყნისათვის ეროვნული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტია. ამ მიმართებით, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი - ისე, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა განვმარტოთ რა მოხდა რეალურად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ახლა იქ მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასზე ნაკლებია. გასულ წლებში, განსაკუთრებით კი 2008 წელს, მოსახლეობის 90 პროცენტს დაატოვებინეს რეგიონი. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ 90-იანი წლებიდან მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია  დარჩენილი. ასე რომ, ეს ტერიტორიები ხალხისაგან დაიცალა. ჩვენ ნახევარ მილიონამდე დევნილი გვყავს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. ჩვენ ვუწვდით ხელს იქ დარჩენილ მოსახლეობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მათ მიეცეთ შანსი ისარგებლონ საქართველოს პროგრესით. ასევე ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი გახდება ნორმალური ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. ახლა ყურადღებას მთლიანად ვუთმობთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ პროგრესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამას გარდა, ჩვენ ხელს ვუწვდით რუსეთს, რაც გამოიხატება იმით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქართველებისთვის რუსული ვიზის მიღება შეუძლებელია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. წელს რუსეთიდან მილიონამდე მოქალაქე ჩამოვა საქართველოში. ჩვენ ასევე ხელი გავუწოდეთ უამრავ რეგიონს  ჩვენს სამეზობლოში. იმედი გვაქვს, რომ რუსეთშიც შეიცვლება აღქმა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. როდესაც ტრადიციული დიპლომატია ჩიხშია შესული, ჩვენ სახალხო დიპლომატია გვჭირდება და საამისოდ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. დიმიტრი მედვედევმა ახლახანს განაცხადა, რომ სურს საქართველოს მსგავსი რეფორმების განხორციელება, მაგრამ არ შეუძლიათ. თუმცა აღიარებენ, რომ საქართველომ საინტერესო რეფორმები განახორციელა, რომლებსაც შეისწავლიან და გამოიყენებენ კიდეც. რა თქმა უნდა, მან ისიც თქვა, რომ პირადად მე ვძულვარ და ჩემი მოცილება სურს. რუსულ პოლიტიკაში ახალი არაფერია - მათთვის ტერიტორიების ოკუპაცია ჩვეულია და მათ ეს  ბევრ ქვეყანაში გააკეთეს - ჩვენთან, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში... არც მთავრობების დამხობაა მათთვის უცხო. ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტი ერთი საათის განმვალობაში გაანადგურეს. საქართველოში კი იმისთვის შემოიჭრნენ, რომ მე მოვეკალი და მთავრობა დაემხოთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. მათ მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ველოდები. მგონია, რომ ეს მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. რუსეთთან მიმართებაში ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად,  კონსტრუქციული, მოქნილი ვიყოთ. მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)