Google+

რელიზები

26.05.2012
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა, რომელიც ქუთაისში წელს პირველად გაიმართა. აღლუმს პრეზიდენტთან ერთად სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ერს 26 მაისი - ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.  მიხეილ სააკაშვილმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და დამსახურებულ მოღვაწეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის, ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაჭრილი 31-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის მშობლები თინა გოგუაძე და ზურაბ ტუღუში დააჯილდოვა.   

„ამ რამდენიმე თვის წინათ ჩვენი შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ავღანეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. მე საშუალება მქონდა ეს, მართლაც, გმირი მეომარი ჰოსპიტალში მომენახულებინა. ალეკო ასევე მოინახულა ამერიკის პრეზიდენტმა.  ყველა აღტაცებით მესაუბრებოდა ალექსანდრე ტუღუშის განსაკუთრებულ სულიერ სიმტკიცეზე, გამძლეობასა და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება იგი გასაჭირს ახლა, როგორ უმკლავდებოდა საბრძოლო მოვალეობას ავღანეთში... შემდეგ შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მის მშობლებს ოზურგეთში და მაშინ მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და გმირები ჰაერიდან არ ჩნდებიან. მათ წარმოშობს ჩვენი მიწა-წყალი და ისინი, უპირველესად იზრდებიან კონკრეტულ ქართულ ოჯახებში. თუკი რომელიმე ზუსტი ცნებით შეიძლება მისი მშობლების დახასიათება, ეს არის ღირსება. საქართველოსთვის ასეთი გმირის აღზრდისთვის, მსურს, ალექსანდრე ტუღუშის დედა ქალბატონი თინა და მისი მამა ბატონი ზურაბი, ყველა თქვენგანის სახელით, ღირსების ორდენით დავაჯილდოვო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის პროცესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ქუთაისის აღმშენებლობის დასაწყისია.

„თქვენ იცით, რომ არავის არ სჯეროდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოელებსაც, თუ ჩვენ ამ შენობას ამ მდგომარეობამდე მივიყვანდით და დღევანდელი დღისთვის მზად იქნებოდა პარლამენტის სხდომის გასამართად. ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ რაღაც-რაღაცებს ნაჩქარევად ვაკეთებთ. ჩვენ მართლაც გვეჩქარება - რამდენი წელი ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა, რამდენი გამოუვალი სიტუაცია გადაიტანა ჩვენმა ხალხმა... ამიტომაც გვეჩქარება და ვინც არ უნდა გვაკრიტიკოს (ვინც არაფერს არ აკეთებს, მას არც აკრიტიკებენ), მინდა ვთქვა, რომ შენობა იმ კონდიციამდე მივიდა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ.  მინდა ქუთაისელებს ვუთხრა, რომ ეს არის ამ ქალაქის აღმშენებლობის დასაწყისი. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. მინდა ყველას, ვინც აქ შრომობდა, მთელი ამ თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახები დაივიწყეს, პირადი პრობლემები გვერდზე გადადეს და მთელი გულით და ენთუზიაზმით აშენებდენ პარლამენტის ახალ შენობას. მინდა მადლობა ვუთხრა ამ მშენებლობის ხელმძღვანელს რამაზ ნიკოლაიშვილს და ისტორიული მშენებლობის წარმატებით დასრულებისთვის წმინდა გიორგის ორდენი გადავცე. ასევე, მსურს ქუთაისელებს ვუთხრა, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება ულამაზესი პარკი, ამ დღეებში ვხსნით ახალ სავადმყოფოს, გაიხსნება საუკეთესო სასტუმროებიც... რაც მთავრია, ხალხმა უნდა იცხოვროს უკეთესად - საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის. ეს შენობა არ შენდება თავის მოსაწონებლად - ეს შენდება იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ და დაძლიოს გაჭირვება. ამას ყველანი ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას და სამხედრო მსვლელობა დაიწყო.

სამხედრო მსვლელობის დროს, წელს პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრს აკომპანიმენტს უწევდა 5 მეგობარი ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრები.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)