Google+

რელიზები

26.05.2012
საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში საზეიმო სხდომა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს ქართულ საზოგადოებას ქუთაისიდან, პარლამენტის ახალი შენობიდან მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა  დარბაზი დავით ბაქრაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნა. მანამდე კი შენობის ფასადის ბოლო დეტალი - მინის ერთი ფრაგმენტი სიმბოლურად თავად ჩასვა და პარლამენტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულად გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებსა და მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საქართველოს პარლამენტს მან ახალი ბინა, ხოლო ქუთაისს საქართველოს მეორე დედაქალაქის განსაკუთრებული სტატუსი მიულოცა. მისი თქმით, ეს შენობა თანამედროვე საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, იმას გარდა, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, ამ ქალაქს დიდ ცენტრად აქცევს, ასევე, საქართველოს გამთლიანების საწინდარია.

„როდესაც ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას ავისრულებთ - აფხაზეთი და აფხაზები აღადგენენ ფაქტობრივ კავშირს ჩვენს ერთიან სამშობლოსთან, სოხუმი გახდება საქართველოს ახალი, დიდი, უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ბევრი ცენტრის გაჩენა კი არის ერთიანობის ყველაზე მყარი საფუძველი, ვინაიდან ყველას უჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას თავის სასიცოცხლო დაინტერესებას საქართველოს ერთიანობასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებსა და იმ წარმატებებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის შენება წარმატებით მხოლოდ მაშინ დასრულდება,  როდესაც საქართველოს საერთო პროგრესით ყველა მოქალაქე მიიღებს სარგებელს. მისი განცხადებით, უმთავრესი საერთო მიზანიც ის არის, რომ საქართველოს განვითარებისა და ინვესტიციების შემოდინების სიკეთემ ყველა ოჯახში შეაღწიოს დასაქმებითა და გაზრდილი შემოსავლებით, ახალი შესაძლებლობებითა და პერსპექტივებით.

„ამ მიზნების მიღწევა იქნება ჩვენთვის ნამდვილი და სრულფასოვანი თავისუფლება  - ეს იქნება ნამდვილი ზეიმი და ჭეშმარიტი დაფასება ჩვენი წინაპრებისა, რომელთაც თავი შეწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.  

მისი განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს მიზანს და დაძლევს გაჭირვებას.

„საქართველოსა და თითოეული ჩვენგანის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო აღლუმზე გადაინაცვლა, რომელიც ქუთაისში წელს პირველად გაიმართა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)