რელიზები
22.05.2012
მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩიკაგოს ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამეს
ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მასმედიის წარმომადგენლებს სამიტის შედეგები გააცნეს. მიხეილ სააკაშვილმა, უპირველესად, ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც ნატოს იდეების ერთგულია. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო უსაფრთხოების გარანტია, არამედ რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვანი სტიმულიც.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა და ჩიკაგოს სამიტში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც სამიტის ფარგლებში გამართულ ყველა ფორმატის შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მისი განცხადებით, ორგანიზაცია საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, 2008 წელს ბუქარესტის სამიტსა და მის შემდგომ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ცვლის და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციის გაფართოება მხოლოდ ალიანსის გადასაწყვეტია და ამ პროცესს ხელს ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეუშლის.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმ წვლილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, ISAF-ის მისიის ფარგლებში შეაქვს.