Google+

რელიზები

25.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აკადემიის მსმენელებსა და სამხედრო მომსახურეებს სიტყვით მიმართა

მინდა ყველას მოგესალმოთ,

დღეს საქართველოს ეროვნული ხუთჯვრიანი დროშა სანახევროდ ჩამოშვებულია იმ გმირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც საუკუნეების და განსაკუთრებით, ბოლო საუკუნის განმავლობაში თავს სწირავდნენ საქართველოს თავისუფლებას, გადარჩენას და უკეთეს ხვალინდელ დღეს. ქართველებისთვის სამშობლოსთვის თავგანწირვა მხოლოდ წიგნის ფურცელზე დაწერილი ზოგადი ისტორია არ არის.რამდენიმე დღის წინათ მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში, სადაც ქართველები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონტიგენტის შემადგენლობაში გამორჩეულად კარგად იბრძვიან, გამორჩეულად დიდი წვლილი მიუძღვით იქ მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენის საქმეში. მე მქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდი მათ მიერ შესრულებულ ოპერაციებს. მქონდა საშუალება, ჩვენს მებრძოლებთან ერთად ჯავშანტრანსპორტიორით ცოტა მაინც, მაგრამ იქვე მახლობლად გამევლო და მენახა, როგორ აწარმოებენ ისინი პატრულირებას. მე იქ ვიყავი მხოლოდ რამდენიმე საათით. იცით, რომ ჩვენი ბიჭები ექვს-ექვსი თვით არიან ამ საბრძოლო მორიგეობაზე. ზუსტად ასეთივე საპატრულო მანქანით, შედარებით უსაფრთხოებაზე ბიჭები მიამბობდნენ, როდესაც იქ ვიყავი. ორი დღეც არ იყო გასული ჩვენი ერთ-ერთი მებრძოლი მოექცა ცეცხლის ქვეშ. მან გამოიძახა ეს საპატრულო მანქანა, ჩვენები წავიდნენ მის დასახმარებლად. ამ სამხედრო ოპერაციის დროს სამმა ქართველმა მებრძოლმა: ვალიკო ბერაიამ, პაატა კაჭარავამ და რუსლან მელაძემ თავი გასწირეს საქართველოსთვის.

ჩვენთვის უსაფრთხოება არ არის თეორიული საკითხი. ამ ოპერაციებში მონაწილეობენ ჩვენზე უფრო მეტად დალხენილი ქვეყნებიც, ბევრად უკეთესი გეოგრაფიით. ბევრად უფრო დაცულები, ბევრად უკეთესად შეიარაღებულები, რომლთა არსებობასაც, შესაძლოა, დღეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ჩვენმა ბიჭებმა ყველაზე კარგად იციან, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რისთვის გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო კოალიციების ნაწილად ყოფნა, რატომ არის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს გადარჩენისთვის და საქართველოს მომავლისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავადაც ვიზრუნოთ თავდაცვაზე. ამ რამდენიმე წლის წინათ,  2008 წელს რუსეთის ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, ზოგიერთ ქვეყანას შეეშინდა რუსეთის მუქარის. არ ეგონა, თუ საქართველოს მომავალი ჰქონდა და ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეული ელემენტების აღჭურვა და მათი ნაწილების შემოტანა იმ დროისთვის საკმაოდ გართულებული იყო, ვგულისხმობ 2008-2009 წლებს. მაგრამ ჩვენ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ გვაქვს ისრაელის და სინგაპურის მაგალითები - ამ  პატარა 5-5 მილიონიანმა ქვეყნებმა თავიანთი სამხედორო წარმოება ააწყვეს.

პირველი ქართული მუხლუხოიანი მანქანა „ლაზიკა“, ჩვენი უკვე ცნობილი „დიდგორი“ არის ამისი ნამდვილი მაგალითი. საქართველომ პირველად ააწყო მუხლუხოიანი მანქანა ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემით, ქართველების მიერ მოგონილი ინოვაციური ელემენტებით, ჩვენს სატანკო ქარხანაში. ჩვენ ვაწყობთ ძალიან ბევრ სხვა ტექნიკას. ძალიან საინტერესოა ახალი ქართული დამუშავების ვარიანტები. ათასობით ადამიანია დასაქმებული ამ საწარმოებში. იმ პირობებში, როდესაც სრული მოცულობით ვთანამშრომლობთ ყველა დანარჩენთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართ ბლოკადის, მუქარის და იზოლაციის ყველანაირი გეგმა ჩაიშალა, მაინც გვჭირდება სამხედრო წარმოება.

ქალბატონებო და ბატონებო,

 მე თქვენთან მოვედი,  25 თებერვალს, საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მთავარ საკითხზე გესაუბროთ. არა ჩვენი უახლოესი მომავლისთვის და არა უახლოესი წლებისთვის - არა, მინდა იმაზე გესაუბროთ, რაც ჩვენს ერთობლივ მომავალს ერთი, ორი, სამი და მეტი თაობისთვის განსაზღვრავს.

ჩემო მეგობრებო,

საქართველო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში, არასდროს ყოფილა ასე ახლოს უსაფრთხოებასთან.   შეიძლება ეს სიტყვები უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან  ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი  უზარმაზარი მტრული არმიის მიერ არის ოკუპირებული და ძლიერი მეზობელი, ბირთვული  ძალა ბევრჯერ დაგვემუქრა განადგურებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, რომქართველი ერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილებისა და შვილიშვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიებთან. პირადად მე, ამის ყველაზე ძლიერად მწამს და ეს არის ის, რაც ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს.

რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენ უკვე, თითქმის, გვაქვს ის რაც არასდროს გვქონია ჩვენი ისტორიის განმავლობაში: ეს არის არა გამბედაობა - ჩვენი წინაპრები ყოველთვის ყველაზე მამაცები იყვნენ; არა თავდადება - ვინ იყო ჩვენს ბაბუებზე უფრო თავდადებული, მათზე, ვინც საბჭოთა შემოჭრის წინააღმდეგ მარტო იბრძოდა; არამედ რაღაც სხვა - ის, რაც მათ აკლდათ და რასაც ისინი სასოწარკვეთილი ეძებდნენ - ეს იმ ერთა ძლიერი ოჯახია, რომელიც მზადაა საქართველოს მიესალმოს და მის სახელმწიფოებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო  და ევროკავშირი ჰქვია. ამ ოჯახს ევროპა და დემოკრატიული ერების ტრანსატლანტიკური ალიანსი ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ჰორიზონტი, რომელსაც ყოველთვის შევნატროდით, მაგრამ ვერასდროს  ვწვდებოდით.ჩვენთვის სხვა ოჯახი არ არსებობს, არც უნდა არსებობდეს და ამას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები.ჯერჯერობით, ჩვენ არ ვართ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს მასში გაწევრიანებასთან.ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან ერთდროულად.ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. თვალი გადავავლოთ გასულ რამდენიმე თვეს.

ოქტომბერში აქ საფრანგეთის  პრეზიდენტი ჩამოვიდა, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი მისწრაფებებისთვის ნატოსა და ევროკავშირში. ამის სათქმელად ჩამოვიდა არა  უბრალოდ ჩვენი ტრადიციული მეგობარი ქვეყნის ლიდერი, არამედ ევროპის უდიდესი და ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტი. იმავე გზავნილის გასავრცელებლად ნოემბერში აქ ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამ გზავნილს სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი.დეკემბერში ჩემს მეგობრებთან  - ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან - ევროპული ქვეყნების  სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან შესახვედრად მარსელში ვიყავი.მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები დაკმაყოფილდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა, იმ აშკარა მხარდაჭერამ, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა ჩემთან პირისპირ საუბრისას გამოხატეს.

იანვარში ბარაკ ობამამ ჩვენი ქვეყანა, სანიმუშო, მისაბაძ მაგალითად დაასახელა რეგიონში რეფორმების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. მან მკაფიოდ გაიმეორა, რომ საქართველო გახდება ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი. 

ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო ქართველებო,

ნახეთ, რამდენ რამეს გავუძელით, ძალიან ცოტა ერი თუ გადაიტანდა ერთდოულად ამდენ გამოწვევას. ჩვენ ემბარგოების, პროვოკაციების, შემოჭრისა და ოკუპაციის გამოვლა მოგვიწია სწორედ იმ მისწრაფებისთვის, რომ ერთ დღეს, ერთდროულად თავისუფალიც ვიყოთ და უსაფრთხოც.ბოლო წლებში ჩვენ ბევრი დანაკარგი გვქონდა, ბევრი ტრაგედია გადავიტანეთ და ბევრი ზიანიც მოგვადგა.ჩვენ გამოვიარეთ წამება, რადგან ჩვენი მამების, ბაბუების და ბევრი წინაპრის  ოცნების ასრულება გვინდოდა - საქართველო ყოფილიყო ერთდროულად თავისუფალი და უსაფრთხო.უსაფრთხო არა გალიაში, არა როგორც ზოოპარკში, გისოსებს შიგნით, უსაფრთხო არა როგორც მარიონეტები, რომლებიც სხვის თავშესაქცევად  ცეკვავენ და მღერიან, რათა თავიანთი ბატონები გაართონ. უსაფრთხო არა მონობასა და ვასალობაში, არამედ უსაფრთხო იმ პირობებში, რომელსაც ასე ვაფასებთ - თავისუფლებაში.ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უსაფრთხოდ ყოფნის ერთადერთი გზა.წარმოუდგენელია უსაფრთხო იყოს უუფლებო და დაუცველი ყმა ან მონა, რომელიც ბოლომდე დამოკიდებულია თავისი პატრონის ნება-სურვილზე;საკუთარ თავისუფლებას უსაფრთხოებაზე ვერანაირად ვერ გაცვლი, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტი უსაფრთხოება, აღმშენებლობა, განათლება, პერსპექტივა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე.მხოლოდ ისინი არიან უსაფრთხოდ, ვინც ჭეშმარიტად თავისუფალი და მამაცია, ის, ვისაც ძლიერი მოკავშირეები ჰყავს და არა ბატონები. დაფიქრდით, დაგვაძალა როდესმე აშშ-მა, ევროკავშირმა ან საფრანგეთმა რამე?

 ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვაიძულა რამე?-არაფერი, სრულებით არაფერი.

შესაძლოა, ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით 100-ჯერ უფრო ძლიერები არიან, მაგრამ გვიყურებენ, როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს.ერთადერთი, რისაც შეიძლება გვეშინოდეს, მათი ინდიფერენტულობაა.ამიტომ არის, რომ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ჩვენ პრობლემებს. რა უნდა ჩვენ დამპყრობელს? რომ ჩვენ ევროპას და ამერიკას არ ვახსენებდეთ ოკუპაციაზე, არ ვახსენებდეთ უცხო ჯარის აქ ყოფნაზე, პროვოკაციებზე და მაშინ ვიქნებით უფრო ადვილად დასამარცხებელი. ამის საპირისპიროდ, დღეს მათგან მხარდაჭერა და მეგობრობა მივიღეთ.მადლობა ჩვენს მეგობრებს მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ, რადგან აქ ახლა ამაყად ვდგავართ, როგორც თავისუფალი ადამიანები.მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქართველი ერის საამაყო შვილებს - მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური კუთვნილებისა და პოლიტიკური ორიენტაციისა.ამ განსხვავებებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე მიყვარს საქართველო - საქართველო მთლიანად.

ისინი, ვისაც სურს ჩვენი ერი დაყოს და დააპირისპიროს რელიგიური ნიშნით,  ეთნიკურ,  ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებად აღმოაჩენენ, რომ მე,  ჩვენი ქვეყნის  ერთიანობის  და კონსტიტუციის  გარანტი, საქრთველოს  პრეზიდენტი და მათი ყველაზე მრისხანე პოლიტიკური, მორალური და პირადი მტერი ვიქნები.

მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, რადგან თქვენ ხართ საქართველოს ძვირფასი მოქალაქეები.  ის ხალხი,  ვინც ქვეყანა გადაარჩინა და აუცილებლად გახდის საქართველოს  ერთიანს თავისუფალსა და უსაფრთხოს.

მადლობას გიხდით ჩემო ძვირფასო ქართველებო და, განსაკუთრებით, თქვენ, კადეტებო,  რადგან თქვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბირთვი ხართ.მათ, ვისაც სურდა რომ მონებად დავრჩენილიყავით და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სახელმწიფო არ გვქონოდა,  ზუსტად იცოდნენ, სად დაერტყათ ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში. სწორედ ამიტომ გაანადგურეს ქართული ოფიცრობა ოკუპაციის პირველივე წლებში. საუკუნეების განმავლობაში გვებრძოდა  ოკუპანტი დევნითა და დეპორტაციით. მე-19 საუკუნეში ასობით ათასი ქართველი გადაასახლეს ჯავახეთიდან, მე-20 საუკუნეში 500 000 აფხაზეთიდან და ქართლიდან.დაგვინგრიეს ეკლესიები და მონასტრები.  ის რაც დარჩა ისევე გადაღებეს და დაამახინჯეს როგორც ილორის წმინდა გიორგის ტაძარი. ჩვენ აღვადგინეთ ასობით მონასტერი, წელს დასრულდება ბაგრატის რესტავრაციაც. რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი  რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მოანსტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწედებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის  სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს . წელს იწყება ოშკისა და სხვა ქართული ძეგლების თურქეთის ტერიტორიაზე აღდგენა თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში.  

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა!

მე ვალდებული ვარ, სიმართლე გითხრათ, სიმართლე კი ისაა, რომ აქამდე არასდროს ვყოფილვართ თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან, თავისუფალი ერების ოჯახის წევრობასთან ასე ახლოს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი. იმისათვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, ყოველგვარ მუქარას უნდა გავუძლოთ და დიდი სურვილი და თავდადება უნდა გამოვავლინოთ.

მალე ჩვენ არჩევნები გვექნება. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ იმ პოლიტიკურმა  ძალებმა, რომლებიც მონაწილეობის მიიღებას გეგმავენ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრან.თითოეული მათგანი ვალდებულია, რომ ხალხის წინაშე მკაფიო და გახსნილი იყოს. ვხედავ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის მთავარ საკითხზე  ზოგიერთი პარტია მერყეობს, ერთი პოზიციიდან მეორეზე „დახტის“, პრიორიტეტებს გამოკითხვების შედეგების მიხედვით ცვლის „ქარის მიმართულების“ მიხედვით... ზოგიერთისგან მსმენია, რომ რუსეთის ლიდერებთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ეს ნატოზე და ევროკავშირზე პრიორიტეტულია.ასევე გამიგონია, იმის მიუხედავად, რომ ნატო და ევროკავშირი პოპულარულია და ჩვენს პრიორიტეტად უნდა დარჩეს, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს პუტინთან და მის მთავრობასთან.არის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ამ სამიდან არც ერთი გზა არ გვჭირდება, რადგან ქართული გზა უნდა გამოვიგონოთ, მარტო ვიყოთ მსოფლიოში და ყველა „ქარი“ ჩვენსკენ შემობრუნდეს,ჩვენს კისერზე გადაიაროს.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,

რა თქმა უნდა, ყველას სურს უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან,

მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხარჯზე და არა ნატოსა და ევროკავშირის ხარჯზე.სხვათა შორის, ნატო და ევროკავშირი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგრადობის ერთადერთი გზაა მომავალი თაობებისთვის. ამ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ნაკისრი ვალდებულებები განუხრელად უნდა შევასრულოთ და მტკიცედ უნდა გვწამდეს. ნებისმიერი მუქარის, ზიანის მოყენების მცდელობის მიუხედავად, სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს.ამ სამ ერს, რომელიც ოდესღაც ოკუპირებული იყო და ახლა თავისუფალი და უსაფრთხოა არასდროს შეუტანია ეჭვი საკუთარ პრიორიტეტებში. ერთხელაც არ უყოყმანია და ბალტიისპირა სამივე სახელმწიფო დღეს  ნატოსა და ევროკავშირის წევრია. ახლა ამ ქვეყნებში შეჭრა მოსკოვის ყველაზე რევანშისტულ ლიდერებსაც კი არ მოუვათ აზრად.90-იან წლებში ბალტიელების აბსოლუტური სიმტკიცისა და შეუპოვრობის შედეგად, მათი შვილები, შვილიშვილები და ალბათ შვილთაშვილებიც უზრუნველ ქვეყნებში იცხოვრებენ. დააკვირდით ზოგიერთ სხვა ერს, რომლებმაც მსგავსი ტყვეობა გამოიარეს; დააკვირდით იმ ერებსაც, რომლებიც ახლოს იყვნენ ევროპულ ოჯახში შესვლასთან და მერყეობა გამოავლინეს,   დააყოვნეს და თვალი მოსკოვისკენ მიაბრუნეს. მათ არა მხოლოდ წლები დაკარგეს, არამედ უფრო მეტი.

მიიღეს მათ ამის სანაცვლოდ კარგი ურთიერთობა რუსეთთან?

რა თქმა უნდა, არა - რუსეთის ლიდერებს არ უნდათ მეზობლები, მათ სურთ, აბსოლუტური ვასალები ჰყავდეთ.დამპყრობლის მეგობარი კი, ვერ გახდები. დამპყრობელი დაგინდობს და გაგამდიდრებს კიდეც,  მაგრამ ამისთვის მას თავი უნდა დაუხარო და შენი თანამემამულეებიც უნდა დაუქვემდებარო,  საკუთარი ძმების ბატონიც უნდა გახდე და უცხო ძალის მონაც.

ჩვენ არ გვინდა ბატონები და მონები ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ გვინდა თავისუფლების მტკიცე დაცვა. მტკიცე თავდადება დასავლური ინტეგრაციის მიმართ.ნებისმიერი სახის დაყოვნება ჩვენს იზოლირებას მოახდენს ჩვენი მეგობრებისგან, დაგვიხურავს კარს და საბოლოოდ გადაგვაქცევს მოსკოველი რევანშისტი ლიდერების ნადავლად.ყველამ თავისი აზრი ნათლად და ღიად უნდა გამოხატოს

საქართველოში ყველა აზრის მიმართ არის ტოლერანტობა.

შესაძლებელია, საქართველოში გახსნილად იყო პუტინის მომხრე იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პუტინის ჯარისკაცების მიერ ვართ ოკუპირებული და იმის მიუხედავადაც, რომ 500 ათასი დევნილი პუტინის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის მსხვერპლია.მიმაჩნია, რომ პუტინის მომხრეობა არც კარგია, არც მორალური და არც პოპულარული -  მაგრამ ეს ლეგალურია, ნებადართულია და ჩვენთან ამის მიმართ კანონი ტოლერანტულია.ასე რომ, ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ  ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის მისეულ  ხედვა შეიძლება მივიღოთ,  გთხოვთ, ხმამაღლა თქვათ. შეგიძლიათ წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც  ეს ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა.  შეგიძლიათ, კარგი ურთიერთობა გქონდეთ რუსეთის ამ მთავრობასთან და ლიდერებთან და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე მნიშვნელოვანია.მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ  თქვენი ეს პოზიცია ხალხისგან  დამალოთ.თქვენ არ შეგიძლიათ, როგორც ანდაზა ამბობს, ორ სკამზე ერთდროულად ისხდეთ.დისკუსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებსა და იმ გზებს უკავშირდება, რომლებიც ამ გეგმების განხორციელებამდე მიგვიყვანს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალია ის ნათელი და გამჭვირვალე იყოს ხალხისთვის.

ამიტომ, ეს არის ჩემი მოწოდება.

ვალიკო ბერაიამ, პაატა კაჭარავამ და რუსლან მელაძემ კარგად იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ ავღანეთში. ის, ვინც დღეს ამბობს, რომ ჩვენ ამ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, რამდენიც არ უნდა თქვას, რომ ნატოს და ევროკავშირის მომხრეა, მაინც პუტინის და რუსეთის ლაქიაა და ჩვენი ხალხისთვის ეს დღესავით ნათელია. თუ გვსურს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდეს, უნდა ვიყოთ რაღაც დიდის ნაწილი და ამ რისკზე უნდა წავიდეთ. თუ გვსურს, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია. თუ გვსურს, რომ გვყავდეს არმია, მონაწილეობა უნდა მივიღოთ საბრძოლო მისიებში. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ბრძოლის ველად, ერთს ივიწყებს და უმალავს საკუთარ ხალხს – ჩვენი ქვეყანა ბრძოლის ველად უკვე აქცია ჩვენმა დამპყრობელმა და ეს ბრძოლის ველი აქედან რამდენიმე კილომეტრშია.ჩვენ შეგვიძლია ამ ბრძოლაში მარტო ვიყოთ და ამ შემთხვევაში, პუტინი საწადელს აისრულებდა – რაც ვერ გააკეთა 2008 წელს. ან უნდა ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ბევრი შემაკავებელი ფაქტორი ამოქმედდება ამის შესაჩერებლად. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენს დამპრობელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი პრობლემა საქართველოს რეალური მთავრობაა. თურმე, ეს ხელისუფლება რომ არ იყოს, ჩაგვეხუტებიან და ტერიტორიებსაც დაგვიბრუნებენ, მაგრამ როცა ამას ვინმე ამბობს, ის ახმოვანებს იმას, რაც დღისით და ღამით ელანდება ვლადიმერ პუტინს. ამის შემდეგ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამ ხალხმა, რომ არის პროდასავლური, რეალურად არის ის, რაც მათ სურთ, ე.ი ის, რაც საქართველოს მომავალზე ათქმევინებს უარს. აი, ეს არის ჭეშმარიტება. ფინეთი, როდესაც  სტალინი თავს დაესხა, ძალიან მედგრად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ ომის შემდეგ, იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა, არასწორ კოალიციაში აღმოჩნდა. დააკანონეს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ტერიტორიების ჩამოჭრის ფაქტი და მათი საგარეო პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში იყო კასტრირებული, ვიდრე ცივი ომი არ დამთავრდა და ფეხზე დადგომის საშუალება არ მიეცათ.თუმცა საკუთარი ტერიტორიები მათ იმის გამო დაკარგეს, რომ იძულებული გახდნენ ეს ფაქტი დაეკანონებინათ და ამაზე ხელი მოეწერათ.

არ არსებობს გარიგება შენი ქვეყნის დამპყრობელთან!

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა კარგი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ჩვენ გვინდა გახსნილი ქვეყანა. არ არსებობს კომპრომისი ჩვენი თავისუფლებისა და მომავლის ხარჯზე.

აი, ეს არის ის, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.

ეს არის ის, რისი თქმაც დანარჩენი საქართველოსთვის მსურდა დღეს, ბოლშევიკური ოკუპაციის ამ მორიგი წლისთავის დღეს.

დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია იმ იუნკერების თავდადება საქართველოს თავისუფლებისთვის.

ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს – თუ დღეს ყოყმანს დავიწყებთ, ჩვენ დავკარგავთ  არა მარტო წლებს, არამედ თაობებს.

მრავალი თაობა დაიკარგა 1921 წელს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობდა; იმის გამო, რომ საქართველო აღმოჩნდა იზოლაციაში; იმის გამო, რომ საქართველო დაიპყრო მტერმა – შიდა მოღალატეებმა, შულავერის კომიტეტმა საქართველო მტერს ჩააბარა.

ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო და აღარ გვყავს დასაკარგი თაობები. ყოველგვარი ყოყმანი ნიშნავს იმასაც, რომ დავკარგავთ განვითარების შანსს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გავიგეთ აღმშენებლობის გემო. ის ახალი ქალაქების მშენებლობა, რომელიც ახლა დავიწყეთ და ასე აღიზიანებს და ანერვიულებს ჩვენს მტერს – ახალი ბათუმისა და თუნდაც თბილისში მიმდინარე დიდი მშენებლობა; ამ გზებისა და ავტობანების მშენებლობა; ახალი აეროპორტების მშენებლობა; ძველი ძეგლების აღდგენა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის უკან დაბრუნება მხოლოდ თავისუფლების პირობებშია, ჩემო მეგობრებო, შესაძლებელი.

ეს ძალიან კარგად იცის დამპყრობელმა.

მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე წერდა მაშინდელი გერმანიის იმპერატორს: უნდა შევიკრათ და გავერთიანდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლონეთმა რეფორმების განხორციელება შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში   ის ჩამოყალიბდება ძლიერ სახელმწიფოდ და ვეღარასდროს შევძლებთ მის ხელახლა დაპყრობას და დამორჩილებასო.დღეს კიქართული რეფორმები და საქართველოს მთავრობის დღევანდელი კურსი მათთვის გადაიქცა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ, არამედ შიდა პოლიტიკურ პრობლემად.

ჩვენი ერთადერთი გზა არის აღმშენებლობა, რეფორმების გაგრძელება, კონტრრეფორმისტული მოძრაობის შემობრუნება, თქვენი კარგად ყოფნა, თქვენი გაძლიერება და უკეთესად გაწვრთნა, თქვენი საერთაშორისო კოალიციებში ჩართვა.

აი, ეს არის საქართველო და მისი ხვალინდელი დღე.

დიდი მადლობა. იყავით მხნედ !

მსურს, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)