Google+

რელიზები

20.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ენერგეტიკის სფეროში თურქულ მხარესთან მიღწეულ შეთანხმების შესახებ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი კაშხლის მშენებლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ახალი ელექტროსადგური ორი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ „ბეშიქ ჰაიას“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ თურქულ მხარესთან ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოა და მიღწეულ შეთანხმებას ორმხრივი გამარჯვება უწოდა.  

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, კრიტიკული საკითხი იყო, რადგან თავდაპირველად ისეთი კაშხლის მშენებლობა იგეგმებოდა, რომელიც მდინარე მტკვარს კალაპოტს შეუცვლიდა. ამ მდინარეს თბილისისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც სენას - პარიზისთვის და ტემზას - ლონდონისთვის და ამიტომ, მტკვრის კალაპოტის შეცვლა, ან თუნდაც წყლის დაკლება მდინარეში, დაუშვებელი იყო. ჩვენ ძლაზე ინტენსიურად ვიმუშავეთ თურქულ მხარესთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მსგავსი პრობლემა, წინა მთავრობის დროსაც წარმოიქმნა, კერძოდ დერინერის კაშხალთან დაკავშირებით, თუმცა მის გადაწყვეტას არავინ არ ცდილობდა.  როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წინა, კორუმპირებული მთავრობის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო რუსული სქემებით თურქეთში ელექტროენერგიის გატანა იყო.

„მთელი ეს კლანი სწორედ ამით შოულობდა ფულს და არც კი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც დერინერის კაშხალმა აჭარის სანაპიროს, ჭოროხის დელტას მოუტანა. ახლა სულ სხვა ვითარებაა. საქართველოს ძლიერი დიპლომატიური პოზიცია აქვს. თურქეთის რესპუბლიკასთან ჩვენ გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ემყარება და ორივე ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. ეს იყო ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება. ამ შეთანხმებით, არა მარტო არ შეიცვლება მტკვრის კალაპოტი, არამედ ერთობლივად ავაშენებთ ახალ კაშხალს. ახალი ელექტროსადგური, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის განვითარებაზე, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს. აი, რას ნიშნავს, როდესაც გყავს მთავრობა, რომელსაც ვერც წამოაძახებენ რამეს და ვერც ყურებით დაიჭერს ვინმე იმის გამო, რომ სხვადასხვა სქემებშია ჩართული და ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენს დიდ მეზობელთან. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ერდოღანის, რომ ძალიან რთული მოლაპარაკება, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან სწორად დასრულდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროექტი კიდევ უფრო დაახალოვებს ორ მეგობრულ სახელმწიფოს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)