რელიზები
17.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა მარტვილის ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მარტვილის საავადმყოფოს ეწვია, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიამ „ალდაგი ბისიაი“ და კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ ააშენა. ქვეყნის პირველმა პირმა პაციენტები მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს მკურნალობის ხელმისაწვდომობასა და დაზღვევის აუცილებლობაზე ესაუბრა. იგი არსებული პირობებითაც დაინტერესდა, და ინფორმაცია როგორც მედპერსონალისგან, ისე პაციენტებისგან მოისმინა. პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ახალ საავადმყოფოში საუკეთესო პირობებია და ბევრად უფრო მეტი ხალხი მკურნალობს.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა. პრეზიდენტის თქმით, ახალი სკოლების, საავადმყოფოების და სხვა ობიექტების გახსნა თანასწორობის იდეას ემსახურება, რათა საზოგადოების ყველა წევრს საუკეთესო განათლების მიღების, მკურნალობის და სხვა მომსახურებების მიღების საშუალება ჰქონდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ყველაფერი ხალხის სახელით და ხალხისათვის კეთდება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვეყანაში ჯანდაცვის უმაღლესი ხარისხის სისტემის შექმნა, რომელიც ყველასთავის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სააკაშვილმა ფოთის, ზუგდიდისა და ანაკლიის განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღმშენებლობა, რომელიც ამ ქალაქებში დაიწყო, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
მარტვილის საავადმყოფო უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის და კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ მიერ არის აშენებული, რისთვისაც 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალ სამედიცინო ცენტრში, რომელიც 15 საწოლზეა გათვლილი, 70 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს, სადაც ადგილობრივები მაღალხარისხიან ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და პრე-ჰოსპიტალურ მომსახურებას მიიღებენ.