საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ მეზღვაურებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს პრეზიდენტი სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებთან ერთად, სტამბულიდან ბათუმში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი მეზღვაურებს თვითმფრინავში გაესაუბრა, სამშობლოში დაბრუნება კიდევ ერთხელ მიულოცა და იმ მოქმედებების დეტალები გააცნო, რომელსაც ქართული მხარე მათ დასახსნელად აწარმოებდა. საქართველოს პირველი პირი მეზღვაურებს იმ ცვლილებებზეც ესაუბრა, რომელიც მათ არყოფნაში ბათუმში განხორციელდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას აღნიშნა, ქართველი ერი აღფრთოვანებულია იმ გამძლეობით, რომელიც მეზღვაურებმა ამ მძიმე ვითარებაში გამოიჩინეს.
„ახალ წელს ბათუმში შევხვდი და ერთ-ერთი სურვილი თქვენთან დაკავშირებით ჩავიფიქრე - რადგან ახალ წელს ვერ შეხვდით საკუთარ სახლებში, ვიფიქრე, ძველით ახალ წელს მაინც შეხვდნენ-თქო. გამოდის, რომ ახალი წლის სურვილები სრულდება-ხოლმე. თქვენით ყველა აღფრთოვანებულია, უპირველესად კი, თქვენი გამძლეობით. თქვენ ძალიან ბევრს გაუძელით - ეს ქართველი კაცის ბუნებაცაა. ასეთი ჯოჯოხეთის დასრულება, ნამდვილად ხელახლა დაბადებას ნიშნავს. მინდა თქვენს თავისუფლებას, თქვენს ხელახალ დაბადებას და ჩვენი სურვილების ახდენას გაუმარჯოს!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.
საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია ფიქრი და მოქმედება მათ დასახსნელად. მისი თქმით, მან ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მეზღვაურთა ოჯახის წევრებთან პირადად შეხვედრა, რადგანაც ინფორმაციას, შესაძლოა, გაეჟონა და ხელისუფლების მოქმედებისთვის ხელი შეეშალა. ამიტომაც, ეს მისია მან საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დააკისრა, რომელიც დატყვევებული ქართველების ოჯახის წევრებს რამდენჯერმე შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა თანამგზავრებს ოჯახური კეთილდღეობა უსურვა და განაცხადა, რომ მეზღვაურების მსგავსად, მათაც საოცარი გამძლეობა და მოთმინება გამოიჩინეს.
ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მეზღვაურებმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.
„თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ. თქვენ ნამდვილად ქართველი ერის პრეზიდენტი ბრძანდებით. ეკლესიაში სანთელს ავანთებთ და თქვენი ოჯახის კეთილდღეობას შევთხოვთ უფალს“, - აღნიშნეს მათ.
მათთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ ცვლილებების თაობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ბათუმში მათ არყოფნაში განხორციელდა.
„ზოგიერთი თქვენგანი, თითქმის, 2 წელია ბათუმში არ ყოფილა. ამასობაში აქ აშენდა სასტუმრო „რადისონი“, „პიაცა“, იუსტიციის სახლი, ახალი აეროპორტის გზა, „ანბანის კოშკი“ - რომელსაც თავად ნახავთ, რომ ძალიან ლამაზია, ხელოვნების ახალი ცენტრი, ახალი ბულვარი, რომელიც აეროპორტამდე გრძელდება. თქვენს აქ არყოფნაში, 2 წელიწადში სრულიად ახალი ქალაქი მივიღეთ. ახლა მოსახლეობა 180 ათასია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ სადღაც რამდენიმე წელიწადში 300 ათასი იქნება. ბათუმი, რეალურად, ახალი ქალაქია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა ახლადაშენებულ დასახლებაზეც ისაუბრა, სადაც ხალხი წყალტუბოდან და ქუთაისიდან გადმოსახლდა.
„ბათუმში გუშინ ახალი რაიონი გავხსენი, სადაც რამდენიმე ათეული ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებული კორპუსი დგას. ეს უბანი ძალიან სწრაფი ტემპით, ექვს თვეში ავაშენეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო გაჩნდა და კიდევ გაჩნდება.ეს უბანი დევნილებისთვის აშენდა და ძირითადად, წყალტუბოდან, ქუთაისიდან და მსგავსი ადგილებიდან გადმოვიდა ხალხი. ბათუმს მოსახლეობა სჭირდება, რადგან ქალაქი იზრდება... ახლა ახალი, დიდი პორტის მშენებლობა იწყება და ახალი მისადგომების მშენებლობა „როიალ კარიბიანი“ აწარმოებს. მომავალი წლიდან ახალ პორტში 300-400 მეტრიანი გემები შემოვა“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გათავისუფლებულ მეზღვაურებსა და მიხეილ სააკაშვილს ბათუმის აეროპორტში მეზღვაურთა ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები დახვდნენ.