საქართველოს პრეზიდენტმა ქედასა და შუახევში ახალი სამედიცინო ცენტრები გახსნა
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სამედიცინო ცენტრები დღეს ქედასა და შუახევში გახსნა, რომლებიც როგორც ჰოსპიტალური, ისე პრეჰოსპიტალური მომსახურებისათვისაა განკუთვნილი. საავადმყოფოების დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუდმივი მუშაობაა საჭირო. როგორც მან განაცხადა, აუცილებელია, რომ მოსახლეობის დაზღვევის პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს. ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა 2008 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტი ქედის სამედიცინო ცენტრთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ქედა ბევრად უფრო გალამაზდა, ვიდრე წლების წინათ იყო, მაგრამ ამ რაიონის განვითრებასა და აქ მცხოვრები ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღესდღეობით ჰყავს არაკორუმპირებული მთავრობა, რომელმაც იცის, რომ ხელისუფლების სათავეში ხალხმა მოიყვანა. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ეს ხალხია ამ მთავრობის ხელმძღვანელი და ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ ხალხისათვის არის და მისთვის კეთდება ყველაფერი. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გახსნილი საავადმყოფოებიც მოსახლეობისათვის შენდება და აუცილებელია, რომ სამედიცინო ცენტრები მათთვის ხელმისაწვდომი იყოს.
დღესვე, ქვეყნის პირველმა პირმა ახალი სამედიცინო ცენტრი შუახევშიც გახსნა. კლინიკის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა შუახეველებსაც მიმართა და მას მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის ამ ნაწილში ნორვეგიელი სპეციალისტების დიდი ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალ წელს აჭარისწყალზე კასკადების მშენებლობა დაიწყოს, რაც ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
„მომავალი წლიდან აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის ძალიან ბევრი ხალხი დაგვჭირდება. ისინი, ვინც სხვადასხვა დარბაზებში იკრიბებიან და ამ ხალხს პროგრესის შეჩერებისაკენ მოუწოდებენ, თავად ჰკითხონ აზრი. ხალხს განვითარების სურვილი აქვს და ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ. ჩვენი მთავრობა აღმშენებლობისა და პროგრესისკენ მიისწრაფვის. წინსვლას ერთი დღითაც არ შევაჩერებთ - რა ხრიკებიც არ უნდა მოგვიწყონ საქართველოს გარე მტრებმა და მათ შიდა დამქაშებმა, ყველა ის გეგმა და საქმე, რომელიც აღმშენებლობას უკავშირდება, ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სამედიცინო ცენტრები ქედასა და შუახევში სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-მა ააშენა. საავადმყოფო ქედაში 25 საწოლიანია და იქ 80 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული, ხოლო შუახევის სამედიცინო ცენტრში 75 ადამიანი მუშაობს და 20 საწოლიანია. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოები ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.