რელიზები
23.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილმა ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ქართველი დიპლომატების წვლილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში და მიღწეულ წარმატებას ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალგაზრდა ქართველი დიპლომატები აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ მეორე მხარემ საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გელა ჩარკვიანის დიპლომატიურ საქმიანობასა და საზოგადო მოღვაწეობის პერიოდს დაუთმო. თავის მხრივ, გელა ჩარკვიანმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში იმ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს განვითარების კურსს ასახავს.
ქვეყნის პირველმა პირმა მეცნიერულ და ტექნოლოგიურ დარგში, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშა, რომ საქართველოში გრძელდება როგორც მეცნიერული და ტექნიკური პროგრესი, ისე კულტურული განვითარება.
დაჯილდოებულთა სია