რელიზები
19.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი წინანდალში დღეს ქართული ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და ამ სკოლის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა უწოდა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ღვინის წარმოებისა და მისი ექსპორტირების საკითხს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს ამ სასწავლებელში სწავლისკენ მოუწოდა და წარმატებულ სტუდენტებს, სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად, სახელმწიფო დაფინანსებასაც დაპირდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დარგში საქართველოს ბევრი პროფესიონალი სჭირდება და უცხოური გამოცდილების გაზიარებას აუცილებლად მიიჩნევს - „ჩვენ ახლა ისე გვჭირდება უცხოური ცოდნა, როგორც არასდროს“, - განაცხადა მან. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს ემბარგო დაუწესეს და ქართულ ღვინოს ბაზარი ჩაუკეტეს. უპირველესად, მან მადლობა ქართველ მევენახეებს გადაუხადა, რადგან, მისი თქმით, მათი გამძლეობისა და გამბედაობის გარეშე, ქართულ ღვინოს განადგურება არ აცდებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2006 წლამდე პერიოდთან შედარებით, ახლა უფრო ხარისხიანი და გაცილებით მეტი რაოდენობის ღვინო იყიდება, თუმცა ისიც დასძინა, რომ მუშაობის გაგრძელება აუცილებელია როგორც ხარისხის გასაუმჯობესებლად, ისე მარკეტინგული და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის თვალსაზრისით. აღნიშნული სასწავლებელი მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სილქ როუდ ჯგუფმა დააფუძნა. ინსტიტუტში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი იფუნქციონირებს. ამას გარდა, ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სამომავლოდ, ღვინის სკოლის გახსნაც იგეგმება, სადაც წამყვანი ქართველი სპეციალისტები კახეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს მეღვინეობის, მევენახეობის, ღვინის მარკეტინგისა და სხვა მონათესავე დისციპლინების საფუძვლებს შეასწავლიან.