რელიზები
29.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა შუამთაში სასტუმრო-კომპლექსი და აგროტურისტული ცენტრი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თელავის რაიონის სოფელ შუამთაში, ახალი აგროტურისტული ცენტრი და სასტუმრო კომპლექსი „შატო მერე“ გახსნა. მფლობელმა მიხეილ სააკაშვილს ადგილზე გააცნო ყველა ის სიახლე, მათ შორის ახალი ტურისტული სერვისები, რომელსაც სამომავლოდ ჩამოსულ სტუმრებს შესთავაზებენ. შუამთაში სტუმრობისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კახეთის ტურისტულ პოტენციალზე და მსგავსი საინტერესო და მიმზიდველი სიახლეების მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, კახეთში განხორციელებული ახალ-ახალი პროექტები რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.
„ტურიზმის თავლსაზრისით კახეთში ძალიან დიდი პოტენციალია, კერძოდ, მშრალი კლიმატის, ლამაზი ხედების და სტუმართმოყვარეობის გამო. ეს ობიექტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბის, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრიც შეიძლება იყოს. კახეთში არის შესაძლებლობა, რომ წელიწადში ერთ მილიონამდე ტურისტი ჩამოვიყვანოთ.
აქ მალე უდიდეს პროექტებს განვახორციელებთ. მომავალ გაზაფხულზე და შემოდგომაზე დიდ ფესტივალებს ვგეგმავთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა აქტიურად იარონ... ულამაზესი ხედები, საუკეთესო საჭმელი- სასმელი და რაც მთავარია, სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ტრადიციაა. დღეს სწორედ ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას გომბორის გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტთან ერთად კახეთში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრიც იმყოფებოდა. მარანში ახალი ღვინის დაგემოვნებისას, მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართული ღვინის უცხოურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე და ახლადდანიშნულ მინისტრს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა. „უკრაინის ბაზარზე 600 ათასიდან 7,8 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიტანეთ. პოლონეთში ორ-სამჯერ უფრო დიდი ბაზარია, მეტი ფულია და ზუსტად ისეთივე სიმპატიით არიან განწყობილი საქართველოს მიმართ, როგორც უკრაინაში ანუ, პრაქტიკულად, არაფერია, შეუძლებელი,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინო, რომელიც თავის ხარისხით და უნიკალურობით ტურისტების მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს, შესაძლოა მალე საექსპორტოდაც აღარ დარჩეს.
„ქართული ღვინო ჩვენი კულტურის იდენტურობაა. ამ კომპლექსის მეპატრონე მართლაც ძალიან დიდ და კარგ საქმეს აკეთებს და სწორედ ის არის ყველაზე დიდი ნოვატორი ამ სფეროში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სასტუმრო კომპლექსი „შატო-მერე“ მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა. ადგილზე მოწყობილია 15-ნომრიანი სასტუმრო, მარანი და საჯინიბო. კომპლექსის სტუმრებს არაბული ჯიშის ცხენებით გასეირნების და ჯირითობის სერვისსაც სთავაზობენ. ასევე სურვილის შემთხვევაში ტურისტებს ყურძნის დაწურვისა და ღვინის დამზადების პროცესის ადგილზე ნახვისა და აქ დამზადებული ღვინის დეგუსტაციის საშუალებას მისცემენ.