Google+

რელიზები

23.09.2011
ჰარვარდის ცენტრში მიხეილ სააკაშვილი საინვესტიციო სამიტს დაესწრო 

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ ორკში ჰარვარდის ცენტრში საინვესტიციო სამიტს დაესწრო, რომელზეც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, საქართველო ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად დაასახელეს. ფორუმი მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და შეერთებული შტატების წამყვან ბიზნესმენებს საქართველოში განსახორციელებელ მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესის განვითარებისთვის „Leader Connection" -ის სპეციალური ჯილდო მიიღო, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის პრეზიდენტმა გადასცა. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჟურნალის „National Geographic" ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი კომპანია "სილკ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა და "National Geographic"-ის პრეზიდენტმა, დევიდ ბაულიმ მოაწერეს.

"ამ ქალაქში ბევრი საუკეთესო წელი გავატარე. კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მახსოვს, იურიდიულ პრაქტიკას აქვე 42-ე ქუჩაზე გავდიოდი. მაშინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, ნიუ იორკში პრეზიდენტი შევარდნაძე ჩამოვიდა, რომელიც სხვა ღონისძიებებშიც იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა იურიდიულმა ფირმამ, ინვესტორების მოსაზიდად, მისთვის სპეციალური ღონისძიება გამართა. ედუარდ შევარდნაძე მოვიდა და ის სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც წლების განმავლობაში იმეორებდა: საქართველო ლამაზი ქვეყანაა, ის კარგი ღვინით, არაჩვეულებრივი კულტურითა და ლამაზი ხედებით გამოირჩევაო. მას ჰკითხეს: რა გაქვთ ისეთი, რის გამოც ინვესტორები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და ფული ჩადონ? ამ შეკითხვაზე იგი ცოტა ხანს დაფიქრდა და თქვა: კიდევ, არაჩვეულებრივი სამზარეულო გვაქვსო... მსგავსი საკითხები დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი, პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც მსოფლიო რუკაზე თავის დამკვიდრებას ცდილობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წარმატების ნიშნულები. ჩვენი მიღწევები, სწორედ, ამ ნიშნულებში გამოისახება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ფორუმზე ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის ის კონკრეტული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც საქართველოში, მათ შორის, ბათუმში უნდა განხორციელდეს. საინვესტიციო ფორუმის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ სართაშორისო რეიტინგებით საქართველოს შეფასებების გამო, მსხვილი საინვესტიციო პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

საინვესტიციო სამიტი კომპანიების „Silk Road Trans-Atlantic Alliance" და ‘‘Leader Connection'' ინიციატივით გაიმართა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)