Google+

რელიზები

25.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ამიერკავკასიაში პირველი კომპიუტერული ქარხანა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, კომპანია "ალგორითმის" მიერ საერთაშორისო კომპანია "ინტელთან" (INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნა. ერთი წლის განმავლობაში ქარხანა 60 ათასამდე ნეთბუქს გამოუშვებს, რომელიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებს დაურიგდებათ. ამ ეტაპზე ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მსგავსი საწარმოს გახსნა, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

 „მართლაც ისტორიულ პროცესს ვესწრებით, რადგან ეს პირველი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე წარმოებაა საქართველოში. მაღალი ტექნოლოგიების მხრივ, ჩვენ აქამდეც გვქოდა პატარ-პატარა გამონათებები, ძირითადად, საავიაციო ქარხანაში, მაგრამ 21-ე საუკუნის სიმბოლოს თვალსაზრისით, ეს ქარხანა პირველი მერცხალია. ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ  ყველა ბავშვს ვაძლევთ ნეტბუქებს. სკოლაში კი ბავშვები ახლა ხუთი და ექვსი წლის ასაკში შედიან, მათ შორის, ჩემი ხუთი წლის შვილიც არის. ამას გარდა, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, ვფიქრობ, სკოლებში აბსოლუტურად ყველა მასწავლებელსა და ყველა მოსწავლეს ექნება ნოუთბუქი. ასევე გვექნება ინტერაქტიული დაფები... მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც სატელევიზიო რეკლამებში 21-22-ე საუკუნის საკლასო ოთახებში გვინახავს,  უკვე საქართველოში იქნება. ამის საბოლოო შედეგებს ჩვენ რეალურად 10-15 წელიწადში ვნახავთ. პირველი შედეგები კი მალევე გვექნება. საქართველოში გაიზრდება თაობა, რომელიც სრულიად განსხვავებულად იაზროვნებს და ახალ პროდუქტს შექმნის. ახლა, ძირითადად, მარტივი ოპერაციებით ვართ დაკავებული. რამდენიმე წელიწადში კი ისეთ დონეს მივაღწევთ, რომ მსგავს პროდუქტს ქართველები მხოლოდ საკუთარი ძალებით შექმნიან და სხვა ქვეყნებშიც გაიტანენ. ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე სკოლის ბავშვები უცხოეთში წავლენ, რათა საერთაშორისო დონის სამუშაო უნარები გვქონდეს. შემდეგ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება - ეს არის საქართველოს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ავამუშავებთ ბათუმში, სადაც ამ ტექნიკური სკოლის მოსწავლეებიდან საუკეთესოები ისწავლიან და შექმნიან საქართველოს ტექნოლოგთა და ინჟინერთა 21-ე საუკუნის ელიტას, რომელიც მსოფლიო ელიტის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ეს მართლაც დიდი, ამბიციური პროექტია და  ჩვენ გარშემო ქვეყნებს შორის პირველები დავადექით მისი განხორიელების რეალურ გზას. ასეთი მასშტაბების ქარხანა  მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ქარხნის პერსონალის სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა. როგორც დიმიტრი შაშკინმა პრეზიდენტს განუმარტა,  ქარხანაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები, რომელთა საშუალო ხელფასი 700 ლარია.  მიხეილ სააკაშვილი მათ პირადად გაესაუბრა და  აღნიშნა, რომ ქარხანაში მუშაობით საკმაოდ დიდი გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი.

 „კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ უმაღლესში სწავლას ყველა არ აგრძელებს, მაგრამ პროგრამისტობა უკვე იმდენად  კვალიფიკაციური სამუშაოა, რომ სამსახურის დაწყება  პირდაპირ შეგიძლიათ", - აღნიშნა მან.

ნეტბუკებში ჩაიტვირთება როგორც ქართული და უცხოურ ენის, მათემატიკისა და ლოგიკის სხვადასხვა სასწავლო პროგრამები, ისე სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები, სასწავლო-შემეცნებითი თამაშები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ჩატვირთონ პროგრამები და სასურველი თამაშები. ნეტბუკები, რომელსაც უკაბელო ინტერნეტის ფუნქციაც აქვს, მოსწავლეებს სკოლაში ინტერნეტით უფასო  სარგებლობის საშუალებას აძლევს. 2010-2011 სასწავლო წელს 60 000-მდე პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკებს - "ბუკი" მიიღებს. პირველკლასელებისთვის კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. ქარხნის მესვეურები მომავალში ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკის გამოშვებას გეგმავენ, რაც,  თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)