Google+

რელიზები

18.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საირმის განახლებული კურორტი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს საირმეს ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტმა განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა. მისი თქმით, განახლებულ საირმეში დასვენება მოსახლეობის ყველა ფენისათვის იქნება ხელმისაწვდომი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კურორტი მიმზიდველია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის. მიხეილ სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ამ მხარეში ტურიზმის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების წინაპირობაა.  

„აქ შარშან ვიყავი, არადა თითქოს ეს გუშინ იყო. გულზე შემომეყარა როცა დავინახე, რა დღეში იყო აქაურობა. იმის დატოვება არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ უამრავი ქართველი დამსვენებელი ჩამოდის. მთავარია, რომ ხალხს კვლავაც შეეძლოს აქ ჩამოსვლა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ კურორტზე მოსახლეობის მხოლოდ ზედა ფენებმა შეძლონ დასვენება და ტრადიციული დამსვენებელი ვეღარ ჩამოვიდეს. ხალხი აქ ამოსასვლელად წლიდან წლამდე ელოდება ზაფხულს. ასევე აქ ჩამოდიან ტურისტები მეზობელი თუ სხვა ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და ა.შ. თანაც, გარშემო ყველაფერი კეთდება, წინსვლა ძალიან სჭირდება ბაღდათს, ყოველი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი კი, ქმნის სამუშაო ადგილებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მთავრობას, რომ უმოკლეს პერიოდში დიდი ცვლილებების განხორციელება შეძლეს და იმედიც გამოთქვეს, რომ მალე ეს კურორტი მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება.

 „იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ქვეყანას ძალიან უჭირს და მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, კორუფცია აღარ არის, მთავრობა ფულს არ იპარავს, ყველა ორგანიზებულად მუშაობს. ამ პირობებში კი, აღმშენებლობა ნამდვილად შესაძლებელია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტი არის ის, რომ  საქართველოში სამი უმთავრესი ბალნეოლოგიური მნიშვნელობის კურორტი აღორძინდება - საირმე, ბორჯომი და წყალტუბო.  სერიოზული სამუშაოები უკვე დაიწყო ბორჯომშიც. მთლიანად იცვლება წყალსადენი, საკანალიზაციო სისტემა, შენდება ახალი სასტუმროები. წყალტუბო, რომელიც წელს სერიოზულად ამუშავდა და დაემატა სანატორიუმები, მომავალ წელს გახდება დიდი მნიშვნელობის საერთაშორისო საკურორტო ცენტრი. ამას ემატება ვეჯინი, ახტალა, ნუნისი და მრავალი სხვა. საქართველოში  ბევრი ასეთი ადგილია, მაგრამ სამი მათგანი იქნება ისეთი, როგორზეც ცოტა ხნის წინათ ვერც კი ვიოცნებებდით. საირმის გაკეთება მართლაც ძალიან  სწრაფად მოხდა. დანარჩენი კურორტების რეკონსტრუქციაც ამავე ტემპში განხორციელდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საირმის რეაბილიტაციის ფარგლებში ორი საავტომობილო და სამი საფეხმავლო გზა გაკეთდა, ხოლო მდინარე კაბალის ორივე მხარეს საყრდენი კედლები აშენდა, კეთილმოეწყო სკვერი, მინერალური წყაროები და დამონტჟდა ევროპული დიზაინის გარე განათება. ასევე აღდგა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა. ახალი ტურისტულ სეზონზე  საირმის ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები გაფილტრულ წყალსაც მიიღებენ - ახალი ავტომატური საფილტრაციო სადგური საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. რეაბილიტაციის შემდეგ სასტუმრო „საირმის"იერსახეც შეიცვალა და ის 150 სტუმრის მიღებას შეძლებს. 2013 წელს აქ გერმანელი სპეციალისტების მიერ დაპროექტებული თერმული აბანოები გაიხსნება.  

საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ახლადაშენებული ტურისტული კომპლექსიც დაათვალიერა. „ვარციხე-ვილა"-ში ერთდროულად 50 ტურისტის მიღებაა შესაძლებელი. აქ ორი ხელოვნური ტბა, მდინარე და ტყეა. ტურისტულ კომპლექსში აგროტურიზმის განვითარებისთვის ერთდროულად ყველა პირობაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილი პერსონალსაც გაესუბრა და ყურადღება მსგავსი ადგილების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„საირმის რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. ქუთაისში სხვადასხვა უწყებები გადმოდის, რაც ეკონომიკის ამოძრავებას იწვევს. ესეც ეკონომიკის ნაწილია, შესაბამისად, კარგია სოფლის მეურნეობისა და  ტურიზმის განვითარებისათვის. „ვარციხე-ვილა", ფაქტობრივად, ქუთაისშია, რომლის მოსახლეობაა 210 ათასი. მაქსიმუმ, ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 300 ათასს მიაღწევს. ქუთაისი-ფოთი-ბათუმი მილიონიან [მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით] სამკუთხედს ქმნის, ამიტომ ასეთ ადგილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ცენტრი გათვლილია როგორც უცხოელ ტურისტებზე, ისე საოჯახო ტურებზე. კომპლექსი ამ მეურნეობაში წარმოებული ნატურალური პროდუქტებით მარაგდება. „ვარციხე-ვილა" ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება და პირველ დამსვენებლებსაც მიიღებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)