Google+

რელიზები

09.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი რუხში მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. სამეგრელოში მოცვის ნაკვეთებმა გატყევებული ჩაის პლანტაციები ჩაანაცვლა. ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რუხში სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც პრეზიდენტს ამ კულტურის მოყვანის ტექნოლოგია გააცნო. როგორც ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოცვის მწარმოებელ ქვეყნად დარეგისტრირდეს, რათა დაინტერესებულმა ინვესტორებმა ამ ბიზნესის წამოსაწყებად საქართველოც სასურველ ქვეყნად განიხილონ. პრეზიდენტის თქმით, მოცვის წარმოება სოფლის მეურნეობისათვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ მომგებიანია, რადგან ქვეყანას პროდუქტის გასაღების გარანტირებული ბაზარი ექნება.

„ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი აღორძინდა, მაგრამ ერთ ნაწილს ვერაფერს ვეღარ უშველი. თავის დროს, ჭაობები ამოაშრეს, შემდეგ ხელახლა დაიწყო დაჭაობება, ამიტომ, უფრო სწორი გზა ამოვირჩიეთ. სახელმწიფომ უნდა შექმნას სტანდარტი, თუ სოფლის მეურნეობის რომელი მიმართულება იქნება უფრო მომგებიანი. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ გლობალურად. გადავხედოთ სამყაროს - ამ კულტურას აწარმოებს, ვთქვათ, ბალკანეთის ქვეყნები და  ერთი-ორი სახელმწიფო ევროპასა და აზიაში. ჩვენი კლიმატური პირობების წყალობით, თუ სხვაგან მოცვი ივლისში მოდის, ჩვენთან ერთი თვით ადრე მოვა. ამ შემთხვევაში, გასაღების გარანტირებული ბაზარი გვექნება მრავალი წლის განმავლობაში, ე.ი. გარანტირებული შემოსავალი ექნება გარშემო მცხოვრებ ხალხს. ამას გარდა, ზემოთ, მთებსა და ტყეებში იზრდება ველური მოცვი. იქ ჩვენ ვაყენებთ საშრობებს, რათა მისი შეგროვება ბევრმა ადამიანმა შეძლოს და ამით, ელემენტარული შემოსავალი მიიღოს. სწორედ ეს არის სოფლის მეურნეობა. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადების თაობაზე განვაცხადე, მაგრამ ერთია, პარლამენტის ტრიბუნიდან „ყელის მოღერება" და თქმა, ხოლო მეორე - აქ ჩამოსვლა, დარგვა და გაკეთება. რაც ვთქვით, ყველაფერი კეთდება და ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ეს დაპირება ნამდვილად შესრულდება, რადგან ეს არის აქ მცხოვრებთათვის ელემენტარული შემოსავლის წყარო, ოდნავ მაინც წელში გამართული ჩვენი ოჯახები. რა თქმა უნდა, ამაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის არაფერია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღნიშნული კულტურის ჯიშები უკვე 5,7 ჰექტარზეა დარგული და პირველ მოსავალს 2013 წელს ელოდებიან.  სამეგრელოს შემდეგ, მოცვის ნაკვეთები გურიასა და აჭარაშიც გაშენდება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)