საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის ბიენალეზე თამარ კვესიტაძის ნამუშევრები შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტი, პრველ ლედისთან ერთად, ვენეციის ბიენალეზე მივიდა, სადაც ქართულ პავილიონში ქართველი მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ოთხი ნამუშევარი იყო გამოფენილი. მიხეილ სააკაშვილმა ხელოვანის ქანდაკებები დაათვალიერა და ქართველ მოქანდაკეს გენიოსი უწოდა, რომელმაც საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. თემაზე ილუმინაცია ქართველმა მოქანდაკემ საკუთარ ნამუშევრებში ადამიანის ერთი სახე წარმოადგინა, რომლის ემოციები სხვადასხვა განზომილებაში იცვლება. ავტორის თქმით, ეს სახე ყველა ერისთვის სიმბოლურია, ფიგურა დედამიწას ასახავს და სუნთქვასა და გულისცემას გამოხატავს. ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთი, სახელწოდებით „როტაცია", ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ განთავსდება; მეორე ნამუშევარი კი ქუთაისის პარლამენტის წინ დაიდებს ბინას.
„თუკი თანამედროვე ეპოქა რაიმეს ქმნის და მართლაც ბევრი რამ იქმნება ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ხელოვნების, ქართული სულის, ქართული ნიჭიერების ერთ-ერთი ყველაზე ბრწინვალე წარმომადგენელი თამარ კვესიტაძეა. თუკი შეიძლება ცხოვრებაში ვინმეს გენიოსი უწოდო, ეს, ალბათ, კვესიტაძეა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მხატვრები მას აქაც უკრავენ ტაშს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ხელოვანი გვყავს საქართველოში. როგორც კი ამას ვიტყვი, ბევრს შეშურდება, ზოგიერთი მათგანი კვესიტაძის შესაჭმელად გაემზადება. ქართველებს გვახასიათებს ერთმანეთთან ქიშპობა, შური, მაგრამ ამას უნდა გადავეჩვიოთ, რადგან ამ ეპოქაში ვინც რა არ უნდა შექმნას, ყველაფერს მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო თავისი მოკძალებული რესურსებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელოვნება განვითარდეს და მას ხელი შევუწყოთ. ვიცი როგორ ჩაქოლეს თამარ კვესიტაძე რამდენიმე ბოლო ნამუშევრის გამო იმ ადამიანებმა, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში არაფერი არ შეუქმნია და თუკი ძველ დროში ქმნიდა რაიმეს, ხშირ შემთხვევაში, იმ სისტემაზე მორგებულ ხელოვნებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ არის ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანი. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც ხელშეწყობა, ხელის გამართვა, წინ გამოწევა, სახელმწიფოსგან თანადგომა სჭირდება. ის, რასაც თამრიკო ქმნის - ის, რაც ბათუმში დადგა შარშან „ალი და ნინოს" სახით, მართლაც, ამ ქალაქის სიმბოლო გახდა. ბათუმში, აგვისტოში მის დიდ, ძალზე საინტერესო მეორე ნამუშევარს ვხსნით. ძალიან საინტერესო ნამუშევარი იდგმება ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ. ვფიქრობ, ეს ქანდაკება, რომელიც სუნთქავს, უნდა განვათავსოთ ახალი პარლამენტის შენობაში, პარლამენტარების დასანახად, რადგან, თუ კარგად მოუსმენ, განდაკებაზე გამოსახული სახეები რაღაცას ამბობენ - პარლამენტარებს კი მუდმივად უნდა ესმოდეს ხალხის ჩურჩულიც კი. ეს უნდა იყოს ახალი პარლამენტის შიდა ინტერიერის სიმბოლო, რათა პარლამენტმა არასდროს არ დაკარგოს უნარი, გაიგოს ხალხის ხმა. თამრიკო არის ძალიან ახალგაზრდა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის არის ქალბატონი, რადგან ისტორიაში ბევრი გენიოსი იყო კაცი. როდესაც გენიოსი ქალია, ეს ათმაგად სასიამოვნოა და, რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე ეპოქის სიმბოლოა. 21 საუკუნეში საქართველომ ქალის ნიჭით შეაბიჯა და, ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლო. ქართული სახელმწიფოს მშენებლობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნების აღორძინება. წარმატებული საქართველოს ყველა ეპოქაში რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იწყებდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნების შექმნას, ჩვენ კი, მხოლოდ 20 წელია, რაც დამოუკიდებლები ვართ. რასაც თამრიკო კვესიტაძე ქმნის, ეს, რა თქმა უნდა, ამ ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო იქნება.
ვენეციის ბიენალეზე ხელობნების მოყვარულებმა მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. მათ შორის იყვნენ ქართული ხელოვნებისა და პოეზიის მოყვარულები. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუმარმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაესაუბრა, მას ბესიკის ლექსი ქართულ ენაზე წაუკითხა.