Google+

რელიზები

31.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საცურაო აუზი და რესტორანი „რივიერა" დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა „ბათუმი პლაზას" საცურაო აუზი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ბავშვობის პერიოდში გაიხსენა, როდესაც სპორტული შეკრებების დროს მოზარდების შესაძლებლობების გასავითარებლად არავითარი პირობა არ ჰქონდათ შექმნილი. საცურაო კომპლექსი საერთაშორისო ოლიმპიურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ბათუმი იმით იყო ნიშანდობლივი ძველ დროში, რომ აუზები აქ საერთოდ არ იყო. მახსოვს, აქ ერთი-ორჯერ წყალბურთიდან ვიყავი შეკრებაზე.  მსგავსი შეკრების დროს ერთ-ერთ საშუალო სკოლაში განგვათავსებდნენ-ხოლმე, ყოველ დილას მიგვარბენინებდნენ ზღვასთან, გვაჭყუმპალავებდნენ და უკან მოგვარბენინებდნენ. აქ არც ერთი აუზი არ იყო - აღარაფერს ვლაპარაკობ ოლიმპიურ აუზზე. ეს ძალიან კარგია ახალგაზრდობისთვის. დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღეა. ჯერ ჩვენი ბავშვები სახლებში შესაძლოა დიდ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, მაგრამ, მინიმუმ, განათლება, ჯანდაცვა და რაც შეეხება სპორტს და ცხოვრების წესს ისეთი უნდა ქონდეთ, როგორიც განვითარებულ  ქვეყნებში მყოფ მოზარდებს აქვთ. ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მათ შორის, ეს აუზები. ძალიან კარგი რამ გაკეთდა. მართალია, ეს არ არის პირველი, მაგრამ, იმედია, არც ბოლო ოლიმპიური აუზი იქნება. აქამდე მხოლოდ სამი ოლიმპიური აუზი გვქონდა, ისიც მარტო თბილისში. ახლა მსგავსი საცურაო კომპლექსის გაკეთებას ქუთაისში ვაპირებთ, კეთდება აქაც, ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში. ამ მხრივ, ყველაფერი უნდა იყოს განვითარებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საცურაო აუზი ბიზნესცენტრის მე-6 სართულზეა განთავსებული. იქვე მოწყობილია სატრენჟორო დარბაზიც. აუზს მოძრავი სახურავი აქვს, რომელიც კარგ ამინდში იხსნება და მსურველებს მზის აბაზანების მიღება შეუძლიათ.

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მდებარე  რესტორანი „რივიერაც" მოინახულა, რომელიც სანაპირო ზოლზე მდებარეობს. რესტორნის ვერანდიდან მთელი ბათუმის  ხედი იშლება. პრეზიდენტთან ერთად რესტორნის შენობა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ დაათვალიერა.   

„ეს, პრაქტიკულად, ბათუმის ახალი ბულვარია, რომელის სიგრძე 25კილომეტრია. ეს იქნება სრულფასოვანი ბულვარი თავისი კაფეებით, დასასვენებელი და სასეირნო ადგილებით. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მითხრა: ასეთი გრძელი ბულვარი თურქეთშიც არ მინახავსო. თურქეთში კი არა, მსოფლიოში არ არის. ჩიკაგოშია, ერთადერთი, უფრო გრძელი, მაგრამ ის ქალაქის სანაპირო ზოლია. როგორც წესი, საჯარო ფართს არავინ არ ტოვებს ხალხისთვის ბევრს - ყველა იტაცებს კერძო მიზნებისთვის. ჩვენი კონცეფცია არის ის, რომ ხალხს მაქსიმალურად უნდა ქონდეს სასეირნო ადგილი. ვიდრე ადამიანებს უჭირთ და არ აქვთ საშუალება იარონ რესტორნებსა და კაფეებში, უნდა იყოს ბევრი ლამაზი ადგილი, სადაც იქნება შადრევნები, სკამები ჩამოსაჯდომად, ლამაზი ხედებით, რათა ყველა დატკბეს ამ სილამაზით. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს ეს ქალაქი ეკუთვნის მას და არა მარტო, თუნდაც, ამ ან სხვა რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელებს. სულ ეს არის მთელი ფილოსოფია, თუ რატომ აქვს ბათუმს ყველაზე გრძელი ბულვარი ევროპაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რესტორანშ მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს კოქტეილ-ბარიც. „რივიერა" 400 სტუმარზეა გათვლილი და აქ 50 ადგილობრივია დასაქმებული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)