Google+

რელიზები

25.05.2011
მიხეილ სააკაშვილმა პრომეთეს მღვიმე მოინახულა და წყალტუბოში ახალი სასტუმრო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულა, რომელიც კილომეტრსა და 600 მეტრს შეადგენს მიწის ქვეშ. საქართველოს პრეზიდენტს პრომეთეს მღვიმის ეზოში ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ. მათთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის, კერძოდ, ქუთაისისა და წყალტუბოს რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება. იგი იმ ობიექტებსაც შეეხო, რომელთა გახსნაც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში იგეგმება.

„ქუთაისს პარლამენტის გადმოსვლა უკვე დაეტყო, რადგან გარშემო ყველაფერი გამოცოცხლდა. წყალტუბოშიც სასტუმროები გაიხსნა, მაღაზიები და რესტორნები კეთდება, მშენებლობაც ყველა მიმართულებით არის გაჩაღებული, მათ შორის გზებისაც. როცა ამბობენ, რომ ქუთაისში პარლამენტის ადგილი არ არის, უნდა გაითვალისწინონ, რომ, პრაქტიკულად, მთელი საქართველო ქუთაისიდან მოდის. 19-20 საუკუნეში ინტელიგენციის დიდი ნაწილი მუდმივად ქუთაისში იყო. აქ იყო საინჟინრო კადრები, განათლებისა და მუსიკალური ელიტა. აქ ახლაც ძალიან დიდი პოტენციალია, რადგან წარმოუდგენლად ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის და ძველი ტრადიცია უნდა აღორძინდეს. პარლამენტის გადმოსვლასთან ერთად მთელი დასავლეთ საქართველო ცოცხლდება. გარშემო უკვე იგრძნობა სიხოცხლე და, ამავდროულად,  თბილისიც განიტვირთება, რაც დედაქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. არადა, რომ არა პარლამენტი, წყალტუბოს გაცოცხლების შანსი აღარ ქონდა. ახლა კი, აქ ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, თავადაც გაოგნებული ვარ. ორ წელიწადში წყალტუბო მართლაც საოცრება იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტალაგმიტების ფორმის რესტორანიც მოინახულა, რომელიც ამ ტურისტული კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ობიექტების სიმრავლე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ სააკაშვილმა მღვიმის თემატიკაზე შექმნილი - სტალაგმიტებისა და სტალაქტიდების ფორმის ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრა, რომელიც რესტორნის  მესვეურებმა დღვანდელი დღის აღსანიშნავად გამოაცხვეს.

„აქამდე საქართველოში ჩვენ გვქონდა ორი მღვიმე ეს იყო სათაფლია, რომელიც ახლახან გავაკეთეთ და ახალი ათონი, რომელსაც უწმინდურები დაეპატრონენ ოკუპანტების სახით.  დღესდღეობით კი, ყველაზე მაგარი მღვიმე, რაც ჯერ-ჯერობით გაკეთდა, არის პრომეთეს მღვიმე. ასევე ძალზე საინტერესო ადგილებია წყალტუბოს ზემოთ, მარტვილსა და ხონში, მაგრამ, მთავარია, რომ პრომეთეს მღვიმე უკვე გაკეთდა. მართალია, ეს ადგილი მე არ აღმომიჩენია, მაგრამ მისი გაკეთებით დიდად დავინტერესდი ამ რამდენიმე წლის წინათ და ჩანაფიქრი სისრულეშიც მოვიყვანეთ", - აღნიშნა მან.

პრომეთეს მღვიმის ტურისტული მარშრუტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღესვე თანამედროვე ტიპის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო დაათვალიერა, რომელსაც გარს აკრავს 16 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე-პარკი. „წყალტუბოს - სპარეზორთი" 59 დამსვენებელს იტევს და წყალტუბოსა და კერძოდ, პრომეთეს მღვიმეში ჩამოსულ ტურისტებზეა გათვლილი. მანამდე შენობაში სამხედრო სანატორიუმი იყო განთავსებული.

„რამდენიმე ხნის წინათ ვიყავი მარაკეშში, რომელსაც შესანიშნავ საერთაშორისო კურორტად მიჩნევენ, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ რელიეფით, გამწვანებითა და კლიმატით ის წყალტუბოს წააგავს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წყალტუბოში უფრო მეტი სიმწვანეა, თანაც მარაქეშისგან განსხვავებით, წყალტუბოში წარმოუდგენლად  დიდი ისტორიისა და მნიშვნელობის მქონე მინერალური წყლებია, სამკურნალო ტალახები და აბაზანებია. მოკლედ, წყალტუბო მარაქეშს ჯობია. ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს ასეთი  საგანძური, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში საერთოდ ვერ ვიყენებდით. ეს არის პირველი სასტუმრო, რომელიც აქ გაკეთდა, მაგრამ მომავალ წელს უზარმაზარი სასტუმრო გაკეთდება. ეს შენობა სტალინს სპეციალურად აუშენეს იტალიელი არქიტექტორის პროექტით. ასეთი გრანდიოზული რამ, მოსკოვის გარეთ, არსად არ აუშენებიათ საბჭოთა კავშირში. ეს შენობა გადაკეთდება ძალიან მაგარ სასტუმროდ და ეს სანატორიუმიც გაიზრდება. მე დავავალე გუბერნატორს, რომ ევროპიდან მოგვეწვია მებაღეები და  გამწვანების სპეციალისტები, რადგან აქ იყოს ისეთი გამწვანება, რომ მთელი მსოფლიო გააგვირვოს. აქ ამის პირობები არის. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოში გაჩნდება ძალიან დიდი, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი კურორტი. ამასთანავე, წელს პირველი სასტუმრო გაიხსნება საირმეში, სადაც სერიოზული სამუშაოები სრულდება. მსგავსი პროექტები ხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. რეჯინში - გურჯაანის რაიონში ძალიან კარგი ახალი მინერალური წყლების კურორტი კეთდება. კახეთში რამდენიმე ადგილზე ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. სერიოზული გეგმები გვაქვს ბორჯომშიც. ერთი სიტყვით, საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი აქ ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს. აქ მთავარი პრობლემა იყო უმუშევრობა, მაგრამ უახლოეს წლებში იმდენი სამუშაო ადგილი გაჩნდება, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა სპეციალისტთა ნაკლებობა გახდება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, დღეს ჩვენ ვაცხადებთ წყალტუბოს აღორძინების პირველი ეტაპის დასაწყისს, რომლის დასასრული მომავალ წელს დადგება. თქვენ ყველანი გაოცებული დარჩებით, იმდენად საინტერესო ადგილი გახდება ეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)