რელიზები
20.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა აბაშაში ახალი საავადმყოფო გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა აბაშაში ახალი საავადმყოფო გახსნა, რომელიც პირველ პაციენტებს დღეიდან მიიღებს. მრავალპროფილური კლინიკა 15 საწოლიანია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ექიმი აკაკი ჭანტურია აგვისტოს ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქირურგი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა, თუმცა დაჭრილთა დახმარება არ შეუწყვეტია.
„თქვენ გახსოვთ რამდენს ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, რომ 100 საავადმყოფოს პროგრამა არ შესრულდა. იმ ხალხს, ვინც ამ პროგრამის შეუსრულებლობაში გვადანაშაულებდა, რატომღაც სათვალავიდან გამორჩათ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ის, რომ საქართველოში მტერი შემოიჭრა. ამის მიუხედავად, მათი იმედის გასაცრუებლად და ჩვენი ხალხის გასახარად მინდა ვთქვა, რომ შენდება არა მხოლოდ 100 საავადმყოფო, არამედ ბევრად მეტი - 150-მდე. დაპირებას ყოველთვის ვასრულებ და ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს - ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება. უფრო მნიშვნელოვანია ის, როგორი ხალხი მუშაობს აქ. ბატონი აკაკი ჭანტურია იყო აქ, როდესაც 21 საუკუნის ბარბაროსები სამეგრელოს ულამაზეს ადგილს - სენაკს ბომბავდნენ. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან მე, ნაწილობრივ, აქედან ვარ. მაშინ ბატონი აკაკი მუცელში დაიჭრა მაგრამ პაციენტები არ მიატოვა და დაჭრილებს მანამდე მკურნალობდა, ვიდრე ისინი საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. იგი მხოლოდ ამის შემდეგ დაწვა საავადმყოფოში და იმკურნალა. ამ საქციელს ყველაზე კარგად ასახავს სიტყვა „ღირსება", თუმცა იგი ყველა ორდენსა და ყოველგვარ დაფასებას იმსახურებს. უპირველესად, მას პირადად ჩემგან ვუხდი დიდ მადლობას და ასევე მთელი ქვეყნისგან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.