Google+

რელიზები

14.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს ახალი ინიციატივები გააცნო და დავალებები მისცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებიც ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრისპირა რეგიონებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლების შესახებ ისაუბრა. ამ საკითხთან დაკაშირებით, პრეზიდენტმა გუბერნატორებისგან სრული ინფორმაცია მიიღო და მათ გარკვეული დავალებებიც მისცა. პედაგოგების წახალისების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ მასწავლებლები, რომლებიც რეგიონებში ქართული ენის სასწავლებლად წავლენ, 500-ლარიან ხელფასს მიიღებენ, ხოლო იმ ბაკალავრებს, რომლებსაც რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობის ერთი წლის სტაჟი ექნებათ, 500 ლარიან ხელფასთან ერთად, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლას დაუფინანსებს.

„დღეს აქ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით შეგკრიბეთ. ყველაზე მეტად მაღელვებს  ის, რომ რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ცხოვრობს, წინა წლებში განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქართულ ენას ჯერ კიდევ ვერ ფლობს იმ დონეზე, რომ დამოუკიდებელ საქართველოში უფრო წარმატებული კარიერა შეიქმნას. დღეს ყველანი თანასწორი ვართ და გამიხარდებოდა, თუ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები სხვადასხვა თანამდებობის პირები იქნებოდნენ მთავრობაში, ასევე გამიხარდება თუ  მათი რაოდენობა გაიზრდება პარლამენტში, ბიზნესში, განათლების სისტემასა და სხვა  სფეროებში.  ერთ-ერთი მთავარი, რაც ყოველივე ამას შეუწყობს ხელს არის ქართული ენის ადეკვატური ცოდნა. ჩვენ დიდი რესურსი დავხარჯეთ იმაში, რომ ინგლისურენოვანი მასწავლებლები შემოგვეყვანა, მათ შორის, იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი ის მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც კარგად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. თუმცა ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ გადამწყვეტი არის სახელმწიფო ენა.

იმის მიუხედავად, რომ ქვემო ქართლში გაიხსნა სკოლები, ვხსნით ქართული სახლებს და ქართული ენის სწავლების სხვადასხვა კერძო დაწესებულებებს, გვყავს ბევრი პედაგოგი, რაც ძალიან კარგია, იქ მაინც არ არის სათანადო დონე. ჯავახეთში, მაგალითად, რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა იმ გზაზე, რომელიც თბილისთან ორჯერ-სამჯერ უფრო სწრაფად აკავშირებთ, უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, ჰიდროელექტროსადგურები შენდება, ეკონომიკურ-სოციალური განვითარება, საქართველოში, ალბათ,  ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა ამ ხალხს ვერ მივეცით მთავარი - ქართული ენის ცოდნა. იგივე პრობლემაა ქვემო ქართლში.

დიმიტრი შაშკინთან მოლაპარაკების საფუძველზე, მინდა კონკრეტული დავალებები მოგცეთ:

ჯერ ერთი, კურსი ავიღოთ იმაზე, რომ მომავალი წლის ბოლომდე ყველა არა ქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი ისწავლებოდეს ქართულად. ეს ნიშნავს, რომ მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია -  ამ საგნების დიდი ნაწილი მაინც უნდა იყოს ვთქვათ ქართულად და აზერბაიჯანულად, სომხურად და ქართულად, რუსულად და ქართულად, ოსურად და ქართულად.

მეორე - თუკი ბაკალავრები, რომლებსაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურთ, წავლენ და ქართულის მასწავლებლად იმუშავებენ რეგიონებში, იმას გარდა, რომ მიეცემათ 500-ლარიანი ხელფასი, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლას სრულად აუნაზღაურებს.  ე.ი. ახალგაზრდები დასაქმდებიან კიდეც და მაგისტრატურაში სწავლასაც სახელმწიფო დაუფინანსებს.

მესამე - დოქტორანტურის ყველა სტუდენტს კრედიტებში ჩაეთვლება ქართული ენის სწავლება. ამგვარად, ჩნდება სტიმული - იმას გარდა, რომ დოქტორანტებს, მაძიებლებლობასთან ერთად, ექნებათ ხელფასი და იმისთვის, რომ ქართულ ენას ასწავლიან, ვთქვათ,  მარნეულში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში ან ბოლნისის რაიონში, მიეცემათ კრედიტები. ყველა ადგილობრივი მასწავლებელი კი, ვინც საგნებს ორ ენაზე ასწავლის, მაგალითად, მატემატიკას ასწავლის ქართულად და აზერბაიჯანულად, ან გეოგრაფიას - ქართულად და სომხურად, მიიღებს 200-ლარიან დანამატს. ეს პედაგოგები გაუთანაბრდებიან მათ, ვინც ატესტაციას გადის და ეს მათაც ატესტაციის ჩაბარებად ჩაეთვლებათ.

ასევე, უნდა გაიხსნას ქართული ენის სახლები ყველა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში, სადაც ისწავლიან არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ ყველა ასაკის ადამიანები.   ყველა ადამიანს სჭირდება გადამზადება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათი კარიერისთვის.  

რაც შეეხება პატრიოტთა ბანაკებს. კარგია, რომ იქ ყოველთვის მიგვყავს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოზარდები, მაგრამ წელს უფრო მეტი უნდა გავუშვათ. კონტიგენტის ნახევარი მაინც, უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქართულად არ ლაპარაკობენ ან ლაპარაკობენ ცუდად. მაგალითად, ანაკლიის ბანაკში, რომელიც წელს ზეკლასის იქნება (ბევრ რამეს ვამატებთ - აკვაპარკს, სკეიბორდისა და ველოსიპედების გზებს, უამრავ გასართობს და კომპიუტერულ კლასებს), უნდა იყვნენ ქართულის მასწავლებლები და  მას, ვინც ამ  სამოთხეში წავა დასასვენებლად, ყოველ დღე ნახევარი ან ერთი საათი ქართულის გაკვეთილი ექნება. 2000 ახალგაზრდა მაინც უნდა დავასვენოთ, ძირითადად, ეთნიკური სომხები და ეთნიკური აზერბაიჯანლები - ჩვენი ქართველი აზერბაიჯანლები და ჩვენი ქართველი სომხები.

ამას გარდა, წელს ჩვენ ველით დამსვენებლებს უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან. ეს ცალკე თემაა, მაგრამ აქ უნდა იყვნენ სწორედ ამ ჯგუფების წარმომადგენლები. ერთი სიტყვით, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციისა  და  ამ  ხალხის ინტეგრაციის გადამწყვეტი ისტორიული მომენტია. საქართველო ერთნაირად ეკუთვნის ყველა ეთნიკური  ჯგუფის წარმომადგენელს, მაგრამ ეს მხოლოდ დეკლარირებული პოლიტიკა არ უნდა იყოს. კარგია, რომ გვყავს განათლების მინისტრი არაქართული გვარით და ეს არავის არ უკვირს, რადგან მთავრობაში ყველა წარმომავლობის ადამიანი გვყავდა.  ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. თუკი ადამიანებმა იციან, რომ ქართველები არიან, მაგრამ ყოველდღიურობაში ეს არ ვლინდება, უნდა იცოდნენ, რომ გზა მათი წარმატებისა და კარიერული წინსვლისკენ არის ქართული ენა.  ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ უახლოეს ორ თვეში წარმომიდგინოთ ამომწურავი პროგრამა. მოქმედება ხვალიდანვე დავიწყოთ.

გავალებთ, რომ მთავრობასთან ერთად გამოვყოთ დამატებითი ფინანსები, დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია, რათა მომავალი წლის დამლევამდე ეს თემა, ძირითადად, ამოიწუროს. ინგლისურ ენის სწავლების მხრივ, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. სასწაულია, რომ აბიტურიენტების 70 პროცენტი ინგლისურ ენას ირჩევს. ეს ნამდვილი რევოლუციაა არა იმიტომ, რომ ჩვენ რომელიმე სხვა ენა არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ დღეს ის კომუნიკაციის ენაა მთელ მსოფლიოში. საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა სწორედ ამიტომ უნდა იცოდეს ინგლისური. საქართველოს შიგნით კი კომუნიკაციის ენა არის ქართული და ზუსტად ასევე და უფრო მეტადაც უნდა ვასწავლოთ ხალხს ქართული. ეს მარტო მკერდში მჯიღის დარტყმა კი არ არის, ჭეშმარიტად პატრიოტული საქმეა, რომელიც ემსახურება ყველა ადამიანის წინსვლას და ყველა ადამიანის  ინტეგრაციას იმ პირობებში, როდესაც იმავდროულად ინარჩუნებენ საკუთარ იდენტურობას და კულტურას.   ეს კულტურები, ეს ენები,  ეს წარმომავლობა, არის  ჩვენი მრავალეთნიკური, მრავალკულტურული,  მრავალრელიგიური ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, რითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ. თუმცა, ამავე დროს, უნდა იყოს ხიდი, რომელიც ყველა ჩვენგანს დაგვაკავშირებს", - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან საუბრისას.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)