Google+

რელიზები

02.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერის რაიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საჩხერის რაიონს ესტუმრა და დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის მშობლიურ სოფელ არგვეთში მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მუხრან მაჭავარიანთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა, რომლის დროსაც პოეტს საჩხერის რაიონის სოფლებში წყლის გაყვანა აღუთქვა. მისი თქმით, ეს პირობა შესრულებულია და დღეიდან 1000-მდე ოჯახი სასმელ წყალს შეუზღუდავად მიიღებს. პოეტის ქალიშვილმა პრეზიდენტს სიტყვის კაცი უწოდა და დანაპირების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მამა ძალიან აფასებდა სიტყვის კაცს და ახლა, დარწმუნებული ვარ, გახარებულია ზეციურ საქართველოში, რადგან თქვენ მისი ოცნება აასრულეთ. ალბათ, უფლება მაქვს, ამ ლამაზი სოფლების მოსახლეობის, ამ გონიერი საზოგადოების სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ წყალი გაიყვანეთ", - აღნიშნა პრეზიდენტთან შეხვედრისას ნანა მაჭავარიანმა.

მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ყველა რაიონს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, რომელიც მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს. მისი თქმით, დაუშვებელია ადგილობრივების ეს უფლება ვინმემ შეზღუდოს. ოპოზიციის მოთხოვნას, დეპუტატების მხოლოდ პარტიული სიით არჩევის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტმა საჩხერის რაიონში საცურაო აუზიც გახსნა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი მაღალი დონის შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.  

"ექვსი წლის წინათ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოს ერთადერთი მოქმედი აუზი "ქარიშხალა"თბილისში იყო და ისიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ერთი წლის შემდეგ გაიხსნა ვაკის აუზი, იქვე აშენდა მეორე და ამას კიდევ 2-3 კომპლექსი დაემატა. ახლა მთავრია ის, რომ საცურაო კომპლექსები გაიხსნა რეგიონებში. ქუთაისში უკვე ამოქმედდა, მანამდე სამტრედიაში გავხსენით. ეს ყველაზე კარგი აუზია მათ შორის, რაც აქამდე გაკეთდა. ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსი შენდება. ქუთაისში გვაქვს მოსამზადებელი ბაზა, სადაც შეგვიძლია ჩავატაროთ რეგიონალური და ეროვნული დონის შეჯიბრები. საცურაო აუზები ცივილიზაციის ნიშანია. მართალია, ოჯახებს ჯერ კიდევ უჭირთ, მაგრამ როდესაც ბავშვებს ისეთი სკოლა აქვთ, როგორიცაა ჰოლანდიასა და გერმანიაში, როდესაც ისეთი აუზი აქვთ, როგორიცაა შვედეთსა და დანიაში, მათი მომავალი გარანტირებულია - იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ჯერ  კიდევ ღარიბულად ცხოვრობს, ჩნდება „კუნძულები", სადაც უკვე სრულიად სხვა დონეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი დღესვე ზღვისპირა კურორტს ანაკლიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ხელისუფლებას დავალებაც მისცა. როგორც მან განაცხადა, მშენებარე ობიექტების დიდი ნაწილი ივლისისთვის უნდა დასრულდეს, რათა ანაკლიაში ზაფხულის სეზონი ახალი ინფრასტრუქტურით გაიხსნას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)