საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა. მან ყურადღება გაამახვილა უცხოეთში ქართული დიასპორის როლის მნიშვნელობაზე და ბოლო პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმ პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც საქართველოს ღიად დაუპირისპირდა, ქვეყანამ მოახერხა და რეგიონში ახალი წესრიგის მაგალითი გახდა. „საქართველოში დასაბრუნებლად, თქვენთვის კარი ყოველთვის ღიაა", - განუცხადა მათ მიხეილ სააკაშვილმა.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ომის გარშემო რამდენიმე თვეს, უფრო მეტი ქართველი ბრუნდებოდა ყოველ წელიწადს საქართველოში, ვიდრე მიდიოდა საქართველოდან. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას - ეს ყველა ეროვნების წარმომადგენელს შეეხება. აი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რითაც ვამაყობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების დონე ჯერ იმდენად მაღალი არ არის, მაგარამ მათთვის, ვისაც უცხოური გამოცდილება აქვს, საქართველოში დღეს უკვე ბევრად მეტი შესაძლებლობაა. ჩვენი დადებითი მიგრაციის ბალანსი ორი ფაქტორისგან შედგება. ერთი ისაა, რომ საქართველოდან ახალგაზრდობა, პრაქტიკულად, აღარ მიდის, თუ მიდის - ძალიან ცოტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს საქართველოში გზა ხსნილი აქვთ. ე.ი. რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება - ახალგაზრდულ ენერგიას კალაპოტი გახსნილი აქვს და ჯებირებს არ აწყდება; და მეორე - საქართველოში გზა გაიხსნა მათთვის, ვისაც გამოცდილება განვითარებულ სამყაროში აქვს მიღებული და ვინც იცის როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე საზოგადოება და ეკონომიკა. აი ეს არის ორი მთავარი მაჩვენებელი, რაც მაძლევს ყველაზე დიდ იმედს, რომ საქართველოს მომავალი აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი რეგიონისთვის საქართველო არის მომავლის დემოკრატიული სინგაპური. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც 2015 წლის მოდერნიზაცის პროგრამით, ევროპის ყველაზე მზარდ ეკონომიკად და ქვეყანად უნდა გადაიქცეს. ეს არც ფანტაზიაა და არც ჩემი ლოზუნგები. ეს არის ის, რაც რეალურად შესაძლებელია იმ რეფორმებზე დაყრდნობით, რომელიც წინა წლებში განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამხელა პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და ამხელა ფული და რესურსები იხარჯება, იმისთვის, რომ ყველაფერს ქართულს ხაზი გადაესვას, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე, ამ პროპაგანტისტული მანქანის შედეგი მინიმუმის მინიმუმია. რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ჩამოსული იყო ყირგიზეთის პრეზიდენტი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სწავლობს ყირგიზეთი საქართველოსგან. იგივეს ამბობენ ჩვენი მეზობლები, ასევე უკრაინის მთავრობის დიდი ნაწილი, მოლდოვის მთავრობა და ბევრი სხვა, მათ შორის, ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის რუსეთის წარმომადგენელი. აი, ეს არის ჩვენი განსაკუთრებულობა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველები განსაკუთრებული ერია და ის განსაკუთრებულია არა იმის გამო, რომ სუფრის უკეთესი ტრადიციები გვაქვს (თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც კარგია) არა იმის გამო, რომ ჩვენ მხოლოდ ვცეკვათ და ვმღერით (თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ იმიტომ, რომ შეგვიძლია ყოველდღიური, განსაკუთრებული წვლილის შეტანა თანამედროვე ცხოვრებაში, თანამედროვე ცივილიზაციაში, მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკაში და თანამედროვე პოლიტიკურ მოწყობაში. როდესაც რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჩვენი მიზანი არა ვინმესთვის ნიშნის მოგება და ზემოდან ქვემოთ ყურება, არამედ ჩვენს პატარა ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების შენება იყო. რა თქმა უნდა, აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ამ მოკრძალებულ სურვილში იმხელა ძალები დაგვიპირისპირდა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ახალი წესრიგის შემქმნელი გახდა. მათ, ვისაც უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წარუმატებელი იყოს, ამ ახალი წესის დასამარებაც სურთ. სრულიად უნებურად ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მისია ვიტვირთეთ მთელი პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის და არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, რადგან ეგვიპტესა და ტუნიში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, უამრავი ადამიანი გამოთქვამს სურვილს ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცდილება გაიზიაროს რეფორმების თვალსაზრისით. ჩვენ შევქმენით რაღაც ისეთი, რაც სრულიად უნიკალურია და დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.