რელიზები
02.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი სპეცდანიშნულების დანაყოფს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფს უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა სპეცრაზმელებთან ერთად ჯერ დილის გარბენი შეასრულა და შემდეგ სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. მიხეილ სააკაშვილმა და პატარა ნიკოლოზმა ჯარისკაცებთან ერთად სპეცრაზმის სასადილოში ისადილეს. სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, პრეზიდენტმა ქართული არმიის და ავღანეთში ქართული მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც ვხედავ, ორჯერ-სამჯერ მეტი ვარჯიშები სრულდება - არა საჩვენებელი, არამედ ნამდვილი, ყოველდღიური ვარჯიში. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჯარში დისციპლინა და განსაკუთრებული სულისკვეთება იყოს. სულისკვეთებას კი სწორედ მუდმივი ვარჯიში ქმნის. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, ბიჭებო, თქვენთან ერთად სამშობლოს სამსახური, რადგან ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ. ჩვენ არასდროს არ ვწყვეტთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ფიქრს, ზრუნვას და, შეძლებისდაგვარად, ხელშეწყობას. ჩვენმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროდ, ავღანეთში მსხვერპლი გვქონდა. გუშინ ვანში ბოლოს დაღუპული მებრძოლი დავკრძალეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისა და ჩვენი ქვეყნის თითოეული ასეთი დანაკარგი შეიარაღებული ძალებისთვის უნდა იყოს უფრო მეტი გაძლიერების და უფრო მეტი სულისკვეთების საწინდარი. საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევდრკეთ. ჩვენი საქმე არის სამართლიანი - ეს ყველამ კარგად ვიცით. აქ პირველად არ ვარ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პირობებია. სპეციალურ დანიშნულების რაზმში ყოველი მოსვლისას ვხედავ, რომ ვითრება სულ უფრო უმჯობესდება. როგორც წესი, თქვენ ყველაზე რთული დავალებები უნდა შეასრულოთ, ამისთვის კი განსაკუთრებული წყობა, სულისკვეთება, განწყობა და, რაც მთავარია, მომზადებაა საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.