რელიზები
24.02.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგოუსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობისა და ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად ალექსანდრე ხეთაგურისგან მიიღო. სამინისტროში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილი თურქეთთან გაფორმებული იმ ხელშეკრულებითაც დაინტერესდა, რომლის თანხმად ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით აშენდება 350 მეგავატიანი ელექტროგადამცემი ხაზი მუდმივი დენის ჩანართით. მას შემდეგ, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება, საქართველო თურქეთის გავლით შეძლებს დენის გაყიდვას ევროკავშირის ბაზარზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, სირიასა და იორდანიაში.
"იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ნავთობის კატასტროფული კრიზისია, როდესაც ნავთობი გრძელვადიანად არასტაბილური საწვავია, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მაქსიმალურად გადავიყვანოთ ჰიდროელექტროსადგურებზე. მსოფლიო დღეს ენერგეტიკული უფსკრულის პირასაა. ეს დიდი დარტყმაა თითოეული მომხმარებლისა და მთლიანად ეკონომიკის სფეროსთვის. ამ ვითარებაში, მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი გამოსავალი ბევრი ახალი ჰესის მშენებლობაა. ის, რასაც თქვენ თურქეთთან მოაწერეთ ხელი, არის ისტორიული გარღვევა, რადგან ამ ხაზებისა და ტრანსფორმატორის გარეშე, ჰესების მშენებლობას აზრი ეკარგება. ჩვენს თურქ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმება კი, განუზომელ შესაძლებლობებს გვიხსნის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მცირე ჰესების მშენებლობა წელს კახეთში, გურიასა და ზემო იმერეთში დაიწყება, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 70 მგვტ იქნება. 2015 წელს საქართველოში 17 ჰესის მშენებლობა დასრულდება.