რელიზები
26.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ლიტველი ჟურნალისტი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ედიტა მილდაჟიტე ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ამ ჯილდოთი საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ლიტველი ერის მიმართ მათი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
"ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია და თავს ვალდებულად ვგრძნობ მუშაობა განვაგრძო საქართველო-ლიტვის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. გულწრფელად გეტყვით, ჩემი სანუკვარი ოცნებაა ამ პროექტით კვლავაც დავეხმარო საქართველოს. მსურს ახალი სატელევიზიო პროექტიც განვახორციელო, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. საქართველო ძალიან ამაყი ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა კი, საუკეთესო რეფორმატორია მთელ მსოფლიოში. ბედნიერი ვიქნები თუკი ამ პროექტის საშუალებით კიდევ ერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ საქართველოსთვის", - აღნიშნა ედიტა მილდაჟიტემ.
შემეცნებითი გადაცემებისა და საქველმოქმედო პროექტების ავტორმა 2010 წლის მაისში, უპრეცედენტო გადაცემა გააკეთა "საქართველო-ლიტვა - ერთი გული". პროექტს საქველმოქმედო დატვირთვის გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს იყო ლიტვისა და საქართველოს ურყევი მეგობრობის დემონსტრირება. მოგვიანებით, 2010 წლის 26-27 მაისს, მისივე ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით "ლიტვა-საქართველო - ერთი გული"-ს ფარგლებში, ვილნიუსს ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩვენებურები"ეწვია. ქველმოქმედმა ჟურნალისტმა ღონისძიება სპეციალურად დაამთხვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კონცერტებიდან შემოსული თანხა ქართველი დევნილი ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხა.
აღნიშნული აქციებიდან, დაახლოებით, 100 ათასი აშშ დოლარის შემოწირულობა შემოვიდა, რითაც 230-მა დევნილმა ბავშვმა უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და კიდევ ბევრის დახმარებაა შესაძლებელი.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ცნობილ ჟურნალისტს ჯილდო იმ სამმა მოზარდმა გადასცა, რომლებსაც მკურნალობის კურსი სწორედ ედიტა მილდაჟიტეს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიარა.