ხულოს რაიონში მშენებარე საკურორტო ზონა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა, სადაც ერთი სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა გაიხსნა. სოფელ დანისპარაულში ახალი სპორტული ბაზაც ამოქმედდა, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. მოზარდები აქ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, ხოლო მომავალი წლისთვის დანისპარაული უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს. სამომავლოდ აქ რამდენიმე ახალი, მათ შორის, ხუთკილომეტრიანი ტრასის მოწყობაც იგეგმება. პრეზიდენტის ინიციატივით, აჭარაში თხილამურების დამამზადებელი საწარმოც გაიხსნება. ახლადგახსნილი ბაზის აღსაზრდელებს მიხეილ სააკაშვილი ადგილზე გაესაუბრა. მისი თქმით, სათხილამურო სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და თხილამურები სკოლებში უფასოდ უნდა დარიგდეს.
„კურორტებზე, რომელიც აქ გაკეთდება, ეს ბავშვები იქნებიან ინსტრუქტორები, სასტუმროების მფლობელები, საბაგირო გზების ადმინისტრატორები და სხვა საკითხებთან ერთად, ბავშვობიდანვე ექნებათ ოჯახების რჩენის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუკი მომავალში სხვა საქმეს მოკიდებენ ხელს, ბოლოს და ბოლოს, ჯანსაღ მოქალაქეებად გაიზრდებიან. მთელ საქართველოში, ძირითად კურორტებზე ახლა თოვლის პრობლემაა, აქ კი სათხილამუროდ კარგი თოვლია, თანაც ეს მხოლოდ მთის დასაწყისია - ძირითადი ტრასა არის ზემოთ. მთავარი არსი მხოლოდ პროექტების დაგეგმვა არ არის, უნდა დავთქვათ, რომ პირველ დეკემბერს აქ უნდა იყოს საუკეთესო სათხილუმურო კურორტი. უნდა იყოს ხუთკილომეტრიანი საბაგირო გზა, ეს არის უფრო გრძელი ვიდრე გუდაურის პირველი და მეორე საბაგირო ერთად და უფრო გრძელი ვიდრე ნებისმიერი ტრასა ბაკურიანში. ეს, დაახლოებით, სამი-ოთხი ტრასაა. ასევე უნდა იდგეს რამდენიმე ქოხი „შალე", ხის და ქვის შენობა და ისეთი კურორტი უნდა მოეწყოს, როგორიც არც საქართველოში მოწყობილა და არც ამ რეგიონში. ამას გარდა უნდა დავიწყოთ გზის მოყვანა. ჩვენ მივიღეთ მილენიუმიდან ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხულოდან ადიგენზე, გოდერძის უღელტეხილზე გაკეთდება კარგი გზა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ბაკურიანიდან, თუ თოვლი არ იქნება, უცხოელი ტურისტები მანქანით საათნახევარში გადმოვლენ აქ. ამ ზამთრიდან ეს უნდა იყოს შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით, სათხილამურო სპორტი ელიტური სპორტია თბილისის ცენტრში მცხოვრები 20-30 ათასი შეძლებული და საშუალო შეძლების ოჯახისთვის. საქართველოში ისეთივე რელიეფია, როგორიც ავსტრიასა და შვეიცარიაში, სადაც ყველა სრიალებს. ჩვენთან კი, ეს სპორტი ერთი და იგივე უბანში მცხოვრები 20-30 ათასი ოჯახისთვის არის ხელმისაწვდომი და სხვებს თხილამურებთან არავითარი შეხება არ აქვთ. რეალურად, ეს არის სიმდიდრის მომტანი იქ, სადაც განვითარებულია სათხილამურო კურორტები. ამიტომ, სკოლებში ყველას უფასოდ უნდა დავურიგოთ თხილამურები, ასევე მესტიაში, ახალქალაქში, ზუგდიდში, რათა ზუგდიდიდან იარონ მესტიაში როგორც კი ახალი გზა გაკეთდება. ერთი სიტყვით, ეს უნდა გავხადოთ მასობრივი სპორტი, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენს საზოგადოებას (არა მხოლოდ ერთი უბნის მაცხოვრებლებს) დაეხმარება თავი დააღწიოს სიღარიბეს. ბათუმის სკოლებიდანაც ვატაროთ ბავშვები აქ და დავნერგოთ ეს ისევე, როგორც ამას ზუდიდში ვაკეთებთ. ყველა სკოლას უფასოდ დავურიგოთ თხილამურები და, დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენც დავიწყებთ თხილამურების წარმოებას - არც ისე რთული ტექნოლოგიაა. ჩემი თხილამურები შვეიცარიში ერთ-ერთ სოფელში ვიყიდე - კაცი აკეთებს ხელით. აქ კი ამდენი ხის ხელოსანი გვყავს... ხალხი აქ ხელით გამოთლილი ხის თხილამურებით დადიოდა. მათ უბრალოდ მასალა უნდა მივცეთ. მოდით დავთქვათ და ამ კურორტის გარდა, თხილამურების ექსპერიმენტული წარმოება ავაწყოთ. ნახეთ აჭარლები თუ არ გამოთლიან კარგ თხილამურებს. ჩამოვუტანოთ მათ დაზგები და სპეციალური მასალა, გავაკეთოთ თხილამურების საწარმო და პირველ თხილამურებზე მე დავდგები. ეს არის რეალურად დასაქმების წყარო მთელი აჭარისთვის და ხალხისთვის. მაღალმთიანი რეგიონებიდან ყველა ბათუმში ვერ ჩავა. გზა კეთდება და ეს აღარ იქნება ჩიხი, მაგრამ ბევრი სხვა რამ უნდა გაკეთდეს. ფასები ყველაფერზე იზრდება. მაგალითად, ზოგადად ცუდია, რომ კარტოფილი გაძვირდა, მაგრამ კარგია მათთვის, ვისაც კარტოფილი მოყავს, მაგრამ თუ კიდევ რაიმე არ გაჩნდება, თუ რამე პატარა საწარმოც არ გაკეთდება, ხალხს ცხოვრება გაუჭირდება. რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს ტურიზმი - ეს იქნება საგზური უკიდურესი სიღარიბიდან შეძლებული ცხოვრებისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.