Google+

რელიზები

14.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისი აღმატებულება, ელჩ რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"დღეს, რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა იშვიათი მშვიდობისმყოფელი, მისმა ქვეყანამ დაკარგა დიდი ამერიკელი და ამერიკულ ფასეულობათა დამცველი მთელ მსოფლიოში, მე დავკარგე სანდო მეგობარი.  

ქართველი ხალხი, სანდრა და მე ფიქრებითა და ლოცვით ახლა კატისთან ვართ, რიჩარდის შესანიშნავ ოჯახთან და მის ურიცხვ მეგობრებსა და კოლეგებთან.

როგორც ელჩი, ბატონი ჰოლბრუკი საფრთხის პირისპირ იღწვოდა ყველაზე კეთილშობილი საქმეების განხორციელებისთვის და მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია ამერიკის მოკავშირეებისა და ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში.    

უდავოდ დაიწერება წიგნები იმის შესახებ, თუ როგორ ცვლიდა იგი ამერიკის ისტორიას საკუთარი გამჭრიახობით, გამბედაობითა და სიმტკიცით, მაგრამ მან ასევე დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაშიც.

ქართველი ხალხისათვის ელჩი ჰოლბრუკი იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სანდო მეკავშირე ვაშინგტონში - ის იყო კაცი, რომელიც ზრუნავდა ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიაზე და რომელსაც კარგად ესმოდა საქართველოს, როგორც ამერიკის მეკავშირის უდიდესი პოტენციალი. როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა მხარდაჭერა, ელჩი ჰოლბრუკი წერდა: "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ერს შეუძლია გავლენა ჰქონდეს  მსოფლიოს სხვა ადგილებშიც და ის, რომ არც ჩვენს მეგობრებს მივატოვებთ და არც ფასეულობებს დავთმობთ".

მისი როლი ოფიციალურად იყო განსაზღვრული ავღანეთსა და პაკისტანში, იქ, სადაც ამ ერთმა ცალკე აღებულმა რეგიონმა შესაძლოა მოიცვას ყველაზე რთული პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვინაიდან იგი ავღანეთში მშვიდობის დამკვიდრებას ცდილობდა, ამ მისიის მხარდასაჭერად ამერიკის მეკავშირეებს და საერთაშორისო საზოგადოებას აერთიანებდა, რათა წინ აღდგომოდნენ ტერორიზმის საფრთხესა და დესტაბილიზაციას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ მისიამ ჩამოიყვანა იგი არაერთხელ საქართველოში. იგი ჩამოვიდა იმისთვის, რათა შეექო ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და მადლიერება გამოეხატა იმ წვლილისთვის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ავღანეთის მისიაში შეიტანა 1000 ჯარისკაცის გაგზავნით. იგი ასევე ჩამოვიდა იმისთვის, რომ გამოეხატა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

ჩვენ დიდად ვემადლიერებით მას შეუფასებელი რჩევებისათვის, მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის საქმეებს მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ.  

საქართველო ფიქრითა და ლოცვით მის ოჯახთანაა".

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის განვითარების, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ქართველი ერის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი, სიკვდილის  შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.

უახლოეს დღეებში გაიმართება თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიენიჭოს.

   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)