Google+

რელიზები

24.11.2010
საქართველოს პრეზიდენტს მოლდოვას რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ესტუმრა. კიშინაუს აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ მას პირადად დახვდა. მიხეილ სააკაშვილსა და მიხაი გიმპუს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელიც, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ქართულ-მოლდოვური ურთიერთობის გაღრმავებისთვისა და 2010 წლის სტიქიის შედეგად, დაზარალებული მოლდოველი ხალხისთვის გაწეული დახმარებისთვის, მიხეილ სააკაშვილს რესპუბლიკის ორდენი, მოლდოვას უმაღლესი ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა.

„დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის, ასევე იმ ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. საქართველოს და მოლდოვას ერთი საერთო მიზანი და ამოცანა აქვს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროინტეგრაცია", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მას, ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის მიღება. ეს ქართველ და მოლდაველ ხალხს შორის უდიდესი მეგობრობის, ძმობისა და სიახლოვის ნიშანია. ჩვენ დაგვაახლოვა ისტორიამ ცუდი და კარგი მომენტებით და დარწმუნებული ვარ, გვაახლოვებს ერთიანი ევროპული მომავალი. მოლდოვას აქვს ევროინტეგრაციის შესანიშნავი პესპექტივა. ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი. ასევე, ნატოს სამიტის პარალელურად, მქონდა მრავალი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან. სტრასბურგში სიტყვით წარვსდექი ევროპარლამენტის წინაშე. უნდა ითქვას, რომ არაწევრი  ქვეყნის პრეიზიდენტს ევროპარლამენტართათვის ორჯერ არასდროს არ მიუმართავს - ეს უდიდესი პატივი იყო საქართველოსთვის. ეს კვირა სასიამოვნო განწყობით კიშინაუში ვიზიტით სრულდება. ყველა შეხვედრისას შესამჩნევი იყო, რომ მოლდოვას, როგორც არასდროს, აქვს უდიდესი პერსპექტივა სწრაფად მოახდინოს ევროპასთან ინტეგრაცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოხდება შეთანხმება მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სერიოზული დახმარების გაწევის თაობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის არც ერთი ქვეყანა არ დგას ჩვენთან ისე ახლოს, როგორც მოლდოვა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმაზე მეტი შანსი, ვიდრე მოლდოვას. ჩვენ თქვენ გგულშემატკივრობთ და გვაქვს პრაგმატული ინტერესი, რომ იყოთ წარმატებული, რადგან ეს წარმატებას მოიტანს ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც და საერთოდ ყველასთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და მიხაი გიმპუმ მედიის კითხვებს უპასუხეს. ადგილობრივი პრესა დაინტერესდა უკავშირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ნიშნავს თუ არა მისი ჩამოსვლა, რომ ის მხარს უჭერს მიხაი გიმპუს.

„მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვადგენ ჩემს პოლიტიკურ კალენდარს სხვა ქვეყნების შიდა კალენდრის მიხედვით. უკაცრავად, თუკი მოლდოვაში ჩემი ვიზიტი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მე აქ ჩამოვედი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ, უპირიველესად, მოლდოველი ხალხის მხარდასაჭერად. ცხოვრება ქვეყანაში არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და ჩემი ამოცანაა, ამ ისტორიულ მომენტში ერს მხარი დავუჭირო. რაც შეეხება 2005 წელს, მე არავისთვის მიბიძგებია ხმის მიცემა. ეს არ არის ჩემი ფუნქცია. თქვენ ეტყობა ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, რომ მე მთების გადადგმა და მოლდოვაში არჩევნების მოგება შემიძლია. ეს ასე არ არის, ასე არ ვფიქრობ და არც არასდროს ვფიქრობდი. არჩევანს მოლდაველი ხალხი აკეთებს. ერთადერთი რამ, კურიოზის სახით აღვნიშნე, რომ 2005 წელს რუსეთმა მკაფიოდ გვირჩია არ ჩამოვსულიყავით მოლდოვაში. ვინც რა არ უნდა თქვას, რაც არ უნდა მიგვითითონ, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერს არ დავაყენებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამავე შეკითხვას პასუხი მიხაი გიმპუმაც გასცა:

„ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებიდან წასვლას. ჩვენი გზა არის ევროპული. რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები იმართება. შედეგით ზოგი პარტია კმაყოფილი იქნება, ზოგი - არა. კომუნისტების დრო წავიდა და ის აღარ განმეორდება".

დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტი კიშინაუში მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ვლადიმერ ფილატმა და მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)