Google+

რელიზები

18.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის  საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. შეხვედრისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას.  ჰერმან ვან რომპეიმ ყურადღება იმ პროგრესზეც გაამახვილა, რომელსაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმების მხრივ მიაღწია. მან აღნიშნა, რომ  ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში და ის კონკრეტული ღონისძიებები დაასახელა, რომლებიც ამ მიზნით განხორციელდება.

 „ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელიც აშკარად არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ივლისში ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების შემდეგ. პრეზიდენტ სააკაშვილთან მსურს გამოვხატო ის, რომ ვაფასებთ საქართველოს მზადყოფნას და სტრატეგიულ მიდგომას. ჩვენ შევთანხმდით,  რომ საჭიროა წინ წავწიოთ რეფორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას მთავარ საკითხებში ევროკავშირის დონემდე მიიყვანს. ასევე შევთანხმდით, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიის შეთანხმებები ძალაში უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაძლიერება საქართველოსთვის დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების გასაგრძელებლად. საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმების მხრივ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩვენი მოლოდინია, რომ დემოკრატიული ინტიტუტების კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდება. ამ თვალსაზრისით ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო რეფორმა ძალზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. ველით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც იგივეს გააკეთებს.

მე დავადასტურე პრეზიდენტთან, რომ ევროკავშირი საკუთარი ვალდებულებისამებრ გააგრძელებს იყოს სრულად ჩართული კონფლიქტის გადაჭრის მცდელობებში. ამ მიზნით მობილიზებულია ევროკავშირის არაერთი ინსტრუმენტი - ჟენევის მოლაპარაკება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. ეუთოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების წინ ჩვენ ასევე განვიხილეთ, რეგიონული სტაბილურობის საკითხიც.

 ვთანხმდებით, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზებითა და დიპლომატიური და პოლიტიკური მცდელობების სრული მობილიზაციით.  ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ასტანის სამიტის წინ. ბოლოს, რაც შეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროსაბჭო მიზნად ისახავს მომავალ წელს მნიშვნელოვანი დრო დაუთმოს ამ საკითხს. ევროკავშირის ენერგომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების მომავალი,  რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სამეზობლოსთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით. ამ კონტექსტში ვაღიარებ კონსტრუქციულ როლს, რომელსაც საქართველო ენერგოსატრანზიტო მარშრუტების განვითარების საქმეში ასრულებს", - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის  განცხადებით, ევროპას არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოს  ტერიტორია დღემდე ოკუპირებულია, ხოლო რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმებას კვლავაც არ ასრულებს. გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის თემასაც შეეხო.

„ჩვენ გვახსოვს თქვენი ვიზიტი საქართველოში ომის შემდეგ. გვახსოვს თქვენი ძლიერი განცხადებები ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის  თაობაზე ჩვენი ქვეყნისთვის  ძალზე მნიშვნელოვან დროს. დიდად ვაფასებთ იმ თანამშრომლობასა  და ინტეგრაციის პროცესს, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, რადგან ეს არის ერთადერთი  გზა, რომელსაც საქართველო ირჩევს. ევროპის გარდა საქართველოს  ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ძველი ევროპული ქვეყანაა და მოუთმენლად ელის მშობლიურ სახლში დაბრუნებას. პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, რა თქმა უნდა, ოკუპაციაა. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია. პრეზიდენტი სარკოზი შუამდგომლობდა  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. არასდროს დაგვავიწყდება  ის როლი, რომელიც ევროკავშირმა შეასრულა ამ შეთანხმების  მისაღწევად. ვიმედოვნებთ, რომ  ევროკავშირსაც არასდროს დაავიწყდება ის, რომ ცეცხლის  შეწყვეტის შეთანხმება არ შესრულებულა და ყოველდღიურად ირღვევა.

 მივესალმებით ევროკავშირის ნებისმიერ  დიალოგს რუსეთთან იმ პირობით, რომ ამ დიალოგს რუსეთი არ გამოიყენებს არსებული საკითხების თავის ასარიდებლად. ხალხს არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს ევროპული სუვერენული ქვეყნის  ტერიტორიების ოკუპაციას. იმედს  გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა  და თქვენი ჩართულობა,  ამ საკითხის მშვიდობიანი  გზით მოგვარებაში დაგვეხმარება. მეორე მხრივ, ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკებების დასაწყებად სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ როგორ აყვავდა ჩვენი მეზობელი თურქეთი ევროკავშირის საბაჟო კავშირის წყალობით და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებას დავიწყებთ და შეთანხმებას გავაფორმებთ, საქართველოსაც არაჩვეულებრივი შედეგი ექნება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ასევე მოხარული ვართ, რომ იანვარში ევროპარლამენტი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. ამის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ეს ქართველ ხალხს მოგზაურობას გაუადვილებს. საქართველოს გზა ევროპულია და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)