Google+

რელიზები

12.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ესტუმრა და დაწყებითი კლასებისთვის საგანგებოდ აშენებული შენობა დაათვალიერა. პრეზიდენტის ინიციატივით,  ახლადაშენებული შენობა ზურაბ ჟვანიას სახელობის იქნება.

„ეს ახალი და ძალიან კარგი კორპუსია, მახსოვს მისი აშენება ერთად გადავწყვიტეთ. ჩემი თხოვნაა, რომ ამ კორპუსს ზურაბ ჟვანიას სახელი დავარქვათ. თუ ეს მოდერნიზაცია ხდება, ამ საქმეში ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის. ამას იმიტომ კი არ გთხოვთ, რომ ზურა ჩემი მეგობარი იყო, მან მართლაც ბევრი გააკეთა, რათა საქართველოში თანამედროვე სულისკვეთება შემოსულიყო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა, ქართულის, მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებს დაესწრო და  ბავშვებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტს სურდა გაეგო თუ რამდენად აადვილებს სასწავლო პროცესს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ კი იმ  ნეტბუქების შემოტანა, რომელებიც საპილოტე სწავლების ფარგლებში პირველკლასელებს დაურიგდათ.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნეტბუქების დანერგვა ყველა სკოლაში ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კომპიუტერისა და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა მოსწავლეების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ზოგირთ ფსევდომეცნიერს ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს - ნახეთ როგორ ითვისებენ ბავშვები კომპიუტერს! მე თავად დამაქვს I-Pad და როდესაც მას დავხედე, ვნახე, რომ გამოიგონეს კალიფორნიაში, მაგრამ წარმოებულია ჩინეთში. უნდა ვისწავლოთ და მსგავსი რამ  საქართველოში უნდა ვაწარმოოთ. როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, ისინი ასეთ რამეებს თავად მოიგონებენ. ვინც ეს კომპიუტერები მოიგონა უკვე ყველა მილიარდელია. სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე სწორი მეთოდია ცოდნა, ტექნოლოგიების შექმნა, ახალი პროდუქტის წარმოება და ამით მსოფლიო ბაზარზე გასვლა. დღეს თუ გაქვს კომპიუტერი და იცი უცხო ენა, უპირველესად - ინგლისური, საკუთარი ინტელექტით შეგიძლია კონკურენცია გაუწიო ჩინელებსაც, კალიფორნიელებსაც და სხვებს. ეს ბავშვები ზუსტად ისევე იზრდებიან , როგორც ნებისმიერი ბავშვი იზრდება კალიფორნიაში, იაპონიაში და რომ გაიზრდებიან შეჯიბრი იქნება ღია. ჩვენი ხალხი ძალზე ნიჭიერია, მაგრამ არასდროს არ ჰქონდა ასპარეზი, რომ ინტელექტი გამოევლინა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მესამე-მეხუთე პლანზე, ეს ბავშვები კი უკვე პირველ პლანზე არიან. ეს არის სკოლებში კომპიუტერისა და ენის შემოტანის მთავარი არსი. პიველი კლასიდან კომპიუტერებით სწავლა ჩიკაგოშიც არ აქვთ დანერგილი, ყოველივე ეს იქაც ახლა შემოდის. ჩვენ მათ დავასწარით - ამდენი ფული ამერიკაში ამ საქმეში არ ჩადებულა. უბრალოდ, ჩვენ ფული იმაში უნდა ჩავდოთ, სადაც ყველაზე მეტი შედეგის მიღება შეგვიძლია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: „ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლაში დავიწყე სიარული. საბჭოთა დროსაც კი ნოვატორული ტექნოლოგიები იყო დანერგილი. პირველი ოთხი კლასის განმავლობაში თამაშთამაშით გვასწავლიდნენ. გამარტივებული სწავლა გვქონდა, თავისუფლებას გვაჩვევდნენ. ნულ კლასში ლევან ჩიქვანაიამ, რომელიც მაშინ სკოლის დირექტორი იყო,  ფერადი ფანქრები დაგვირიგა. ჩვენ, „რევოლუციამდელ" ბავშებს ფერადი ფანქრები გვქონდა, ამათ კი, ფერადი კომპიუტერები აქვთ - ეს არის განსხვავება. ამიტომ, ეს ბავშვები უფრო მაგრები იქნებიან, ვიდრე ჩვენ ვართ. დღეს 5 წლის ბავშვი ლაპარაკობს და წერს ქართულად და იწყებს წერას და ლაპარაკს ინგლისურად".

ახალი კორპუსის მსენებლობა 1 ივნისს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. შენობა ერთსართულიანია და 1076 კვ.მ-ზეა გაშენებული. აქ განთავსებულია  თორმეტი ოთახი,  მათ შორის, ცხრა საკლასო ოთახია. შენობა  უნიკალურია, რადგანაც ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც მწვანესაფარიანი გადახურვა აქვს, ცოცხალი გამწვანებითა და ხე-მცენარეებით. სახურავზე გაშენებულია ზეთისხილის, ბროწეულის და ბზის ბაღი.

კლასების დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტი შენობის სახურავზე ავიდა და მწვანესაფარიანი ბაღი დაათვალიერა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)