Google+

რელიზები

21.09.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა, რომლის ძირითადი თემა მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს და დაგეგმილ შეხვდრათა რაოდენობა 90-ს აჭარბებს. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით  გაეროს მიერ 10 წლის წინათ მიღებული  მსოფლიოს მდგრადი განვითარების  უნივერსალური პროგრამის - ათასწლეულის განვითარების მიზნების სამიტზე.

„15 წუთიანი გამოსვლა, პრაქტიკულად, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე იმ მიღწევებსა და ამოცანებს დაეთმო, რომლებიც სწორედ ათასწლეულის პროგრამის  ფარგლებში ჯდება. ამასთან, საქართველოს  პრეზიდენტი არ იყო ორიენტირებული მხოლოდ შიდა პრობლემატიკაზე და საუბრისას ყურადღება უფრო გლობალურ საკითხებზე გაამახვილა. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსთვისაც პრობლემას წარმოადგენს და რომელთა დაძლევასაც საქართველოს  მთავრობა ცდილობს. პრეზიდენტი შეეხო  განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს, სიღარიბის დაძლევის საკითხს,  რომელიც პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამასთან დაკავშირებით,  მან საკუთარი მოსაზრებები გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და, შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის თაობაზე ილაპარაკა. ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩვენი ქვეყანა სამაგალითოდაც შეიძილება ჩაითვლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საბოლოო შედეგი არ არის", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ეკოლოგიაზე მსჯელობა სრულიად სხვა მხრივ წარმართა. კერძოდ, იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას შეეხო, უფრო კონკრეტულად კი, აფხაზეთში შექმნილ რთულ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია სოჭში 2014 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელ ღონისძიებებთან. ამ მხრივ განხორციელებულმა და ამჟამად მიმდინარე სამუშაოებმა, შესაძლოა, სულ მალე გარემოს დაცვის თვალსაზრისით, სერიოზული საფრთხე შექმნას. ეს საფრთხე არ ემუქრება მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ რეგიონს. შავი ხვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდეტმა დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას  მოუხმო.

ამას გარდა, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან 23 სექტემბერს მიმართავს.

ვიზიტის  ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე ოფიცილური ორხმრივი და  მრავალმხრივი  შეხვედრა, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  ლიდერთან.

 „საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ევროპის  უმაღლეს კომისარს ხოსე  მანუელ ბაროზოსა და ევროკომისარს კეტრინ ეშტონს. მათთან საუბარი ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციასა და ენერგოპროექტებს შეეხო. ასევე   ოფიცილური მოლაპარაკება გაიმართა ხორვატიის პრეზიდენტთან ივო იოსიპოვიჩთან. საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატი კოლეგა საქართველოში  დაპატიჟა. ხორვატ და ქართველ პრეზიდენტებს შორის საუბარი, ძირითადად,  ეკონომიკურ საკითხებს შეეხებოდა, თუმცა ამ თემების განხილვა მომავალში თბილისში გაგრძელდება", - აღნიშნა პრესსპიკერმა.  

მანანა მანჯგალაძის თქმით, ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სულ ცოტა ხნის წინათ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ, დევნილების თაობაზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)