Google+

რელიზები

17.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ კისისხევში სასტუმრო კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კახეთის რეგიონს ესტუმრა. თელავის რაიონის სოფელ კისისხევში პრეზიდენტმა გერმანელი ინვესტორის ბურქარდ შუხმანის მიერ აშენებული სასტუმრო-კომპლექსი გახსნა, რომელშიც ღვინის საწარმო, სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის ენოთეკა და ქართული რესტორანი შედის. პრეზიდენტმა „შუხმან ვაინის" წარმოების თეთრი და წითელი ღვინო დააჭაშნიკა და საგანგებოდ ჩამოსხმული ღვინო საჩუქრადაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა  აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მსგავსი პატარა სასტუმროების გახსნას მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ, რადგან ასეთი კომპლექსები ხალხის დასაქმებას უზრუნველყოფს და ტურისტების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. 

„ჩვენს ღვინოსთან მიმართებაში რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან საქართველოში ღვინის  კრიზისი, ძირითადად, გადავლახეთ. ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ნამდვილი ქართული ღვინო კონკურენციას უწევს ფრანგულ და ესპანურ ღვინოებს. დიდი მადლობა ვლადიმერ პუტინს, რომ ღვინის ხარისხი გაგვიუმჯობესდა. ამის შესახებ მას 2006 წელს პეტერბურგში შეხვედრისას ვაფრთხილებდი. ვუთხარი, რომ თავადვე დაიჩაგრებოდნენ და აღარ ექნებოდათ ღვინო. თუმცა მეუბნებიან, რომ კრემლის წვეულებებზე უცხოელ სტუმრებს ქართულ ღვინოს  ჩუმ-ჩუმად მაინც ასმევენ. ე.ი. თავად არაფერი მოიკლეს - ჩვენი ღვინო ისევ მათ ხალხს დააკლდა. შარშან კახეთში მთელი მოსავალი გაიყიდა. წელსაც ასე იქნება. ახალი ინვესტიციები შემოდის და ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, უცხოეთში გატანილი უხარისხო ქართული ღვინო,  ხარისხიანი პროდუქციით უნდა ჩავანაცვლოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ხარისხიან ღვინოებს. ჩვენ უამრავი სასამართლო პროცესი მოვიგეთ და, მაგალითად, ქართულ ღვინოს ბულგარეთი აღარ აწარმოებს, არც რუსეთსა და ყაზახეთში აღარ ასხამენ მას და ამით არ აფუჭებენ ჩვენი ღვინის რეპუტაციას. ერთადერთი, ვინც კიდევ აფუჭებს ქართული ღვინის რეპუტაციას, არის ზოგიერთი უხარისხო ქართველი მწარმოებელი. ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახალი მწარმოებლებით, რომლებიც ბევრად უფრო ხარისხიან ღვინოს აკეთებენ. ამ მხრივ, ძალზე სერიოზული სამუშაო აქვს შესასრულებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენ დავიწყებთ ქართული ღვინის რეკლამირებას, მაგრამ დავიწყებთ ისე, რომ მართლაც ხარისხიანი ქართული ღვინო იღებდეს სახელმწიფოს მხრივ სარეკლამო მხარდაჭერას. ეს ნიშნავს აქ ხალხის დასაქმებას, კახეთის გამდიდრებას, თანაც ღვინოს მოყვება ტურიზმიც. ერთი მხრივ, როდესაც 5 მილიონი ტურისტი გვეყოლება, ქართული ღვინის 80 პროცენტი საქართველოში დაილევა, ისევე როგორც საბერძნეთში სვავდნენ ბერძნულ ღვინოს, ხოლო მეორე მხრივ, ამ სასტუმროს მსგავსი სასტუმროების ქსელი, იმ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას შეუწყობს ხელს, რომელიც საბჭოთა დროს სათანადოდ არასდროს არ იყო გამოყენებული. აქ ჩამოვა უამრავი ტურისტი უკრაინიდან, რუსეთიდან, ევროპიდან, არაბული ქვეყნებიდან, ამერიკიდან და ივლიან სასტუმროდან სასტუმროში. ეს უამრავ ქართულ ოჯახს გაუზრდის შემოსავალს. ეს არის ჩვენი ქვეყნის რეკლამა, ბრენდი და დიდება. კიდევ კარგი, რომ ამ გზას დავადექით. ჩვენ უამრავ ფულს ვხარჯავთ განათლების სისტემაზე, სოფლის მეურნეობის აკადემიას საკმაოდ დიდი შენობა აქვს და მაჩვენონ მათი გამოშვებული აგრონომები და მეღვინეები. ამ მხრივ, სერიოზული რეფორმა გვჭირდება, რადგან სოფელი ნამდვილ სპეციალისტებს ელოდება, რომლებიც გლეხებს გზას ასწავლიან და რჩევებს მისცემენ. ჩვენი მეგობარი ინვესტორი 30 ადამიანს ამზადებს იმისათვის, რომ შემდეგ ახალი ქართული სტანდარტი შეიქმნას. აქ ბევრად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე სოფლის მეურნეობის  მთელ აკადემიაში. ვთხოვ, ეს გაითვალისწინოს აკადემიამ, თუ არა და მის არსებობას, ამ შემთხვევაში, საერთოდ ეკარგება აზრი. სტანდარტები თუ არ ამაღლდება, თავის მოტყუება ნამდვილად არ გვჭირდება. მუქთამჭამელების შენახვას არც ერთ სისტემაში არ ვაპირებთ, მით უმეტეს, განათლების სფეროში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბურქარდ შუხმანმა სულ 6 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. სასტუმრო კომპლექსში მან 140 ადგილობრივი, ხოლო ღვინის საწარმოში 30 ადგილობრივი დაასაქმა.  65 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან გერმანელი ინვესტორი უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიურ ღვინოს ამზადებს. ღვინის საწარმო წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს, რომელთაგან 70 ათასი ბოთლი ექსპორტზე გადის. ინვესტორი მომავალში წარმოების გაზრდას გეგმავს.

პრეზიდენტმა კომენტარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის დაკავების ფაქტზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გაითავისოს თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ემსახურო საკუთარ ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ფხიზლადაა და მინისტრის სკამიდან ნებისმიერი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს თუ კორუფციული გარიგების მონაწილე გახდება.

„ჩვენი მთავრობის დროს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, ფინანსური მაქინაციების, გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისათვის საქართველოში დაკავებულია როგორც წინა, ისე ჩვენი მთავრობის რამდენიმე მინისტრი, მრავალი მინისტრის მოადგილე, გამგებლები და მათი მოადგილეები, საპარლამენტო უმრავლესობის 4-5 წარმომადგენელი. არ ვიცი ევროპისა და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რომლებშიც ამდენი რამ გაკეთდა მაღალი რანგის კორუფციის გასანეიტრალებლად. ნათქვამია „თევზი თავიდან ყარსო". თუ ზემოთ არის კორუფცია, ქვემოთაც აუცილებლად იქნება. ის, რომ მაღალი თანამდებობის პირებს დააპატიმრებენ, არავის არ უნდა უკვირდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს უკვე სასამართლოს საქმეა, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს: არავის არ უნდა ეგონოს, რომ თუ კადრები ხშირად აღარ იცვლება, კონტროლი არ არის. საქართველოში საპატიმროები იმისთვისაა, რომ თავზე ხელი არავინ აიღოს. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ თავს გამოისყიდის - ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით მოიხდის სასჯელს. როგორც კი კაბინეტიდან მოლიპულ გზაზე დგები, უნდა იცოდე, რომ ეს მოლიპული გზა ძალიან სწრაფად მიგიყვანს ციხის გარემონტებულ საკნამდე. ამ გზას ყველა დაადგება, ვინც ვერ შეიფერებს ქართველი ხალხის სამსახურს და იმას, რომ დიდი პატივია იყო მაღალი თანამდებობის პირი და ემსახურო საქართველოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)